ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში, რომელმაც სოციალური ქსელები და საერთაშორისო მედია დაიპყრო, თვალისმომჭრელ თეთრ კაბაში გამოწყობილი 29 წლის ლიბანელი პატარძალი ისრა სებლანი თავისი საქორწინო ვიდეოსთვის პოზირებს და იღიმის. თუმცა სულ რამდენიმე წამში არაფრით გამორჩეულ ამ სცენას რადიკალურად ცვლის გამაყრუებელი ხმაური და ბეირუთში მომხდარი აფეთქების შემდგომი დამანგრეველი ტალღა.

ეს ამაღელვებელი კადრები ზუსტად იმ დროსაა გადაღებული, როცა 4 აგვისტოს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის გამოც სულ მცირე 135 ადამიანი დაიღუპა და 5 000-ზე მეტი დაშავდა.

გაფრთხილება: ვიდეო შესაძლოა ზოგიერთი მნახველისთვის მეტისმეტად დამთრგუნველ კადრებს შეიცავდეს.

აშშ-ში ექიმად მომუშავე ისრა სებლანი ბეირუთში ამ მოვლენამდე 3 კვირით ადრე ჩავიდა, რათა 34 წლის აჰმედ საბეიზე ექორწინა. მათი საქორწინო გეგმები კი იმაზე მოულოდნელად განვითარდა, ვიდრე წარმოიდგენდნენ.

"ჩემი ცხოვრების ამ მნიშვნელოვანი დღისთვის ორი კვირის განმავლობაში ვემზადებოდი და სხვა ქალების მსგავსად, მეც ძალიან ბედნიერი ვიყავი ამის გამო: "მალე ვიქორწინებ, ჩემი მშობლები თეთრ კაბაში მნახავენ და გაიხარებენ, ნამდვილი პრინცესა ვიქნები", ვფიქრობდი სულ. თუმცა შემდეგ რაც მოხდა, იმას სიტყვებით ვერ გადმოვცემ. შოკში ვიყავი და ვცდილობდი გამეგო, რა ხდებოდა, უნდა მოვმკვდარიყავი?", — იხსენებს მომხდარს ისრა სებლანი.

იმ დღის დავიწყება უჭირს სებლანის ქმარსაც, აჰმედ საბეის:

"ჯერ კიდევ შოკში ვართ... ამ აფეთქების მიერ გამოწვეული ხმაურის მსგავსი აქამდე არასდროს არაფერი გამიგია".

ისრამ და აჰმედმა ბეირუთში მოგვიანებით ზუსტად იმ ადგილას გადაიღეს ფოტო, სადაც უკვე მსოფლიოში ცნობილ თავიანთ საქორწინო ვიდეოს იღებდნენ.

ფოტო: Reuters

The Guardian-ის ცნობით, მომხდარის მიუხედავად, წყვილმა მაინც შეძლო, რომ იმ დღის გეგმები ბოლომდე მიეყვანა და ქორწილის ბედნიერება ეზეიმათ:

"ჩემმა ქმარმა მითხრა, რომ უნდა გაგვეგრძელებინა, ვერ გავჩერდებოდით. მეც ვიფიქრე, რომ რატომაც არა, გავაგრძელოთ. თუმცა ამის მერე საკუთარ თავს აღარ ვეკუთვნოდი: დავდიოდი, ჩემი სახე გაღიმებული იყო, მაგრამ მეტი არაფერი. შემდეგ კი სადღესასწაულო ვახშამზე წავედით", — ამბობს სებლანი.