გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით დღეიდან პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართავს. მისი განცხადებით, ოჯახს არ სჯერა შსს-ს გავრცელებული ვერსიის და გამოძიებას არ ენდობა. ისინი გამოძიების პროცესში FBI-ს ჩართვას ითხოვენ.

"არანაირად არ მჯერა, მე გუშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ მატყუარები არიან. თვითონ არიან გარეულები და გასვრილი აქვთ ხელი ჩემი შვილის მკვლელობაში. მე აქ მოვედი დღეს, რათა განვაცხადო, რომ მივმართავ პროტესტის რადიკალურ ფორმას და ვიწყებ შიმშილს. აი აქ, დღეიდან ვიწყებ შიმშილს", — განაცხადა თეონა თამაზაშვილმა, რომელიც ამ წუთებში გენერალურ პროკურატურასთან არის მისული.

შსს-ს მიერ 5 აგვისტოს გავრცელებული განცხადების თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვალებამდე თვითმკვლელობის მეთოდებს Google-ში ეძებდა. უწყება ამბობს იმასაც, რომ 23 წლის გოგომ Facebook-ზე მოძებნა ინფორმაცია, რა მოსდის მის ანგარიშს გარდაცვალების შემდეგ. შსს-მ იმ წამლების სიაც გამოაქვეყნა, რომლებსაც, მათი თქმით, ასევე გუგლავდა ბაჩალიაშვილი და ზოგიერთი მათგანი მის ავტომობილში აღმოჩნდა.

ბაჩალიაშვილის ოჯახი უკვე რამდენიმე დღეა პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვს, თუმცა გახარიამ დღეს თქვა, რომ მათ მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ შეხვდება და მართლმსაჯულების დელეგიტიმაციის უფლებას არავის მისცემს.