"საქართველოს მოქალაქეებსა და, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილთან ერთად შევძელით StopCov.ge-ზე ფინანსების მობილიზება" — ეს განცხადება პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის მიერ ახალი კომპენსაციების გაცემის ბიუჯეტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სოციალური პროგრამების განხორციელების შესაძლებლობა, სწორედ, ამ მიზეზით მიეცათ.

გახარიას თქმითვე, წლის ბოლომდე ასეთი დახმარებების გაცემა იმ მიზეზითაც შეძლეს, რომ პირველივე დღეებში "არაგონივრული დაპირებები და კომპენსაციები" არ გასცეს.

"ამ პროგრამების განხორციელება შესაძლებელი გახდა, მხოლოდ და მხოლოდ, ორი მიზეზის გამო: იმიტომ, რომ ჩვენი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მოწოდებების ზეწოლის ქვეშ, პირველივე დღეებში, არაგონივრული დაპირებები და კომპენსაციები არ გავეცით და მეორე, საქართველოს მოქალაქეებსა და, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილთან ერთად StopCov.ge-ზე შევძელით ფინანსების მობილიზება. ამან მოგვცა საშუალება წლის ბოლომდე ასეთი სოციალური დახმარება გაგვეწია", — განაცხდა მან.

მისივე ინფორმაციით, სოციალური დახმარების ბიუჯეტი 410 მილიონი ლარია, აქედან StopCov.ge-ზე მობილიზებულია 130 მილიონი ლარი, ხოლო დანარჩენი საერთო საბიუჯეტო სახსრებიდან გამოიყოფა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის პერიოდში მოქალაქეების კომპენსაციის ფარგლებში 200-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებს 17 ასაკის წლამდე ყველ ბავშვი, გახანგრძლივდება კომუნალური გადასახადების პროგრამა, კომპენსაციას მიიღებენ ის თვითდასაქმებულებიც, რომლებსაც არასრული დოკუმენტაცია ჰქონდათ და ასევე, სოციალურად დაუცველ სტუდენტებს ერთი სემესტრის სწავლის საფასური აუნაზღაურდებათ.