საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს ყველა ის მოქალაქე, რომელმაც ერთჯერადი დახმარება ვერ მიიღო, დოკუმენტების შეგროვების თვალსაზრისით 300 ლარი მაიც ჩაერიცხებათ.

"მივიღეთ გადაწყვეტილება ყველა იმ დარჩენილ 80 000 საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც სრულად ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები დოკუმენტების შეგროვების თვალსაზრისით, დაუკმაყოფილდეს ყველა ვარიანტში ეს თხოვნა და დაერიცხოს 300 ლარი, ერთჯერადი დახმარება. ამით თვითდასაქმებულების ერთჯერადი დახმარების პროგრამა დასრულდება", — თქვა გახარიამ.

მისივე თქმით, ყველა თვითდასაქმებულს, რომელმაც მიმართა მთავრობას, სექტემბრამდე ეს თანხა დაერიცხება.

გახარიას ინფორმაციით, თვითდასაქმებულების ერთჯერად კომპენსაციაზე ჯამში 250 ათასი განაცხადი შევიდა და მათგან "ნორმალური დასაბუთება დოკუმენტების თვალსაზრისით" 150 000 ადამიანს ჰქონდა, რომლებმაც დახმარება მიიღეს. მისივე თქმით, 80 ათასმა ადამიანმა ნაწილობრივ დაასაბუთა, მაგრამ განაცხადი იდეალურად არ იყო შევსებული და ისინი კომპენსაციას ახლა მიიღებენ.

გახარიამ ასევე აღნიშნა, სხვა პროგრამები, რომელიც სოციალურ დახმარებას ითვალისწინებს, გრძელდება.