ანესთეზიოლოგი, მაგდა ხოჭოლავა საქართველოს პროკურატურის მიერ მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს უარყოფს. საქმე ეხება ბრალდებას, რომლის მიხედვითაც ექიმმა პაციენტი დაარწმუნეს, რომ ოპერაციას იტალიელი სპეციალისტი გაუკეთებდა, შემდეგ კი პროცედურა თავად გაუკეთა, მიუხედავად იმისა, რომ ლიცენზია არ ჰქონდა. ანესთეზიოლოგს პროცესში მონაწილეობას ედავებიან.

მაგდა ხოჭოლავას განცხადებას თბილისის ცენტრალური საავადმყოფო ავრცელებს, რომელსაც თან ერთვის იტალიელ ექიმ, რობერტო აგაცისთან ერთად გადაღებული ფოტო.

"ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არ ვეთანხმები პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს და იმედი მაქვს, მალე სასამართლოს მიერ მიღებული იქნება ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება", — აცხადებს ის.

ექიმი-ანესთეზიოლოგი ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია გამოძიებისგან თავის არიდების მიზნით ქვეყნის დატოვების თაობაზე, უსაფუძვლო და აბსურდულია.

"25 წელზე მეტია აქტიურად ვეწევი ლიცენზირებულ, დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას ანესთეზია-რეანიმაციის მიმართულებით, საიდანაც 10 წელი ვმუშაობდი,შესაბამისი ლიცენზიის ფარგლებში, ანესთეზიოლოგად საქართველოში და ბოლო 15 წელიწადია ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ იტალიაში ბერგამოს სააუნივერსიტეტო კლინიკაში, რამაც განაპირობა, განვითარებული მოვლენების დროს, ჩემი ქვეყანაში არ ყოფნა", — განმარტავს ის.

ანესთზიოლოგის თქმით, ის აქტიურად თანამშრომლობდა საგამოძიებო ორგანოებთან და სიმართლის დადგენის მიზნით მომავალი თანამშრომლობისთვისაც მზად არის.

4 აგვისტოს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორისა და ექიმების დაკავების შესახებ. უწყების ცნობით, კლინიკის ექიმმა პაციენტი დაარწმუნა, რომ ქირურგიულ ოპერაციას იტალიიდან მოწვეული ექიმები ჩაუტარებდნენ, თუმცა ოპერაცია, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, თავად გაუკეთა, რის შემდეგაც პაციენტი ამ დრომდე კომაშია.