ნავთლუღის წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის დაზიანების ფაქტზე სისხლისსამართლებრივი მოკვლევა დაიწყება. ამის შესახებ განცხადებას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, სისხლის სამართლის კოდექსის 259² მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე რეაგირებისთვის კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილობით 31 ივლისს მიმართა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდება იმ პირის ან პირთა ჯგუფის ვინაობა, ვისი უშუალო ინიციატივითაც მე-18 საუკუნის კულტურული მემკვიდროების ძეგლზე უნაბართვო სამუშაოები სარესტავრაციო მეთოდოლოგიების უგულებელყოფითა და თვითნებურად განხორციელდა.

"ნათვლუღის სასაფლაოზე მდებარე წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიაში სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტების მონიტორინგის დროს დადგინდა, რომ უნებართვო სამშენებლო სამუშაოებისას ეკლესიის ფასადი მოპირკეთდა ახალი ქვისა და აგურის პერანგით, რამაც დააზიანა და კრიტიკულად შეცვალა ნაგებობის არქიტექტურული იერსახე და ისტორიული ღირებულება.

ამავდროულად, ინტერიერში მოეწყო კერამიკული ფილების ახალი იატაკი, რამაც დაფარა ძველი საფლავის ქვები და ეკლესიის თანადროული აგურის იატაკი. იატაკის ფენილის მოწყობისას განადგურდა არსებული იატაკის საფარიც. მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ დადგა იატაკის ქვიშა ცემენტის დუღაბის ქვეშ მოქცეული მარმალილოს საფლავის ქვის ეპიტაფიები, რომლებიც შესაძლოა მთლიანად განადგურდეს", — წერია სააგენტოს განცხადებაში.

ინფორმაცია მე-19 საუკუნის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარში ისტორიული საფლავების განადგურების შესახებ თეოლოგმა გიორგი ტიგინაშვილმა სოციალური ქსელით 19 ივლისს გაავრცელა, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში კი დაადასტურეს.

თეოლოგის განმარტებით, ეკლესიაში განადგურდა თავადი სუმბათაშვილების მე-19 საუკუნის საფლავები და მათი წარწერები, რაც დიდი ისტორიული დანაკლისია, რადგან ეპიგრაფიკული ძეგლები მეცნიერულად შესწავლილი და ფოტოფიქსირებული არ იყო.

ტიგინაშვილი ფოტოებსაც ავრცელებს, სადაც ჩანს, როგორ გამოიყურებოდა ეკლესია, როგორ აყარეს საფლავის ქვები და ჩაანაცვლეს ის მეტლახით.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც თვითნებურად დაწყებული რეაბილიტაციის გამო ისტორიული ძეგლები ზიანდება. სასულიერო პირები ეკლესიებში ხან კარადებს აშენებენ, ხან კი ბარელიეფებს მეტლახითა და კაფელით ანაცვლებენ.