თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე დატოვეს. როგორც ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ განაცხადა, საქმეში ფედერალური ბიუროს ჩართულობაზე უწყებაში თანხმობა განუცხადეს, თუმცა ზუსტი თარიღი ვერ დაუსახელეს.

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედის განცხადებით, სამინისტროში გაეცნო დაკითხვის ოქმებს და საქმის სხვა მასალებს. მისი განმარტებით, აქამდე სრულ ვაკუუმში იყო ოჯახი.

"მითხრეს, რომ კამერების ჩანაწერებს დრო უნდაო, რომ ყველა კამერა ამოვიღოთ და გავშიფროთო და ეს იყო ყველაფერი. ფედერალური ბიუროს ჩართულობაზე ზუსტ თარიღს ვერ მეუბნებიან. დრონის კადრებს რაც შეეხება, ისინი არსებობსო უბრალოდ, ამ ეტაპზე ვერ იქნა ნანახი", — აცხადებს თეონა თამაზაშვილი

ბაჩალიაშვილის დედამ იმ ადამიანზეც ისაუბრა, რომელიც ამტკიცებდს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო.

"გამოსაკვლევია ბაჩანა ლობჟანიძის პიროვნება ზოგადად. საიდან მოვიდა, ვინ არის და რას წარმოადგენს არ ვიცით", — აცხადებს თეონა თამაზაშვილი

ოჯახის ადვოკატის თქმით, შსს-ში შეხვედრას ესწრებოდა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის უფროსი მამუკა ჭელიძე. ბაჩალიაშვილის ოჯახის განცხადებით, ისინი გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძესაც შეხვდებიან და მოითხოვენ ფედერალური ბიუროს ჩართვას ყველა საგამოძიებო პროცესსა და ექსპერტიზაში.

გუშინ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა FBI-ს ჩართვის მოთხოვნით აშშ-ს საელჩოსთან აქცია გამართეს. აქციაზე მხარდასაჭერად მისული იყო სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი. მალევე ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები შეხვდნენ.

ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით, ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მათ მცირე იმედი მიეცათ. როგორც მან ფორმულას ეთერში თქვა, საელჩო ოჯახს, შეძლებისდაგვარად, ყველაფერში დახმარებას დაჰპირდა. მოგვიანებით, შსს-მ განაცხადა, რომ ამერიკის ფედერალურ ბიუროსთან თანამშრომლობაზე მზადყოფნას გამოთქვამდნენ და ამ მიზნით ოჯახს შეხვედრა შესთავაზეს.

23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. ოჯახის წევრების განცხადებით, ის საკუთარი მანქანით ქვემო ფონიჭალიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. დაკარგვიდან 5 დღის შემდეგ, ბაჩალიაშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანქანა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მაგისტრალიდან 100-200-მდე მეტრის დაშორებით, ბუჩქნარში იყო გაჩერებული. ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, ცხედარი უკანა სავარძელზე იყო და ქალი რამდენიმე დღის გარდაცვლილია.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა. 24 ივლისს საქმეს კიდევ ერთი კვალიფიკაცია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ჯერ კიდევ ძებნის პროცესში გამოძიებამ ამოიღო ბაჩალიაშვილის კომპიუტერი, თუმცა ოჯახი აცხადებდა, რომ მისი გახსნა ვერ შეძლეს. მოგვიანებით კი მამამ მედიასთან თქვა, რომ პოლიციელის თქმით, მისი შვილი "დიდ შარში იყო". ოჯახის ადვოკატი კომპიუტერის გახსნის პროცესზე დასწრებას ითხოვდა, თუმცა, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ლუქი მის გარეშე მოხსნეს.