საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სვანეთში გაუჩინარებული მოზარდის, ილია ფილფანის სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

უწყებაში ამბობენ, რომ სამძებრო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 80 მეხანძრე-მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, წყალზე მცურავი საშუალებები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენია ჩართული. მოზარდს როგორც სვანეთში, ასევე შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ეძებენ. ილია ფილფანის ფოტოსურათი საქართველოს მასშტაბით შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფშია დაგზავნილი.

შსს-ში ასევე ამბობენ, რომ მუდმივი კომუნიკაცია აქვთ დაკარგული მოზარდის ოჯახთან და მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ყოველდღიურ რეჟიმში აწოდებენ.

სვანეთში გაუჩინარებულ მოზარდს მე-19 დღეა ეძებენ. 13 წლის ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს ველოსიპედით გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მოზარდის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს დამნაშვისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთას.