საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტით განისაზღვრა.

მისივე ინფორმაციით, ივლისში ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდა და 5.7 პროცენტი შეადგინა, ამიტომ მათი პროგნოზით წლის მომდევნო პერიოდში ინფლაცია შემცირებას განაგრძობს.

"ეროვნული ბანკის განახლებული პროგნოზით, 2020 წელს ეკონომიკის 5-პროცენტიანი შემცირებაა მოსალოდნელი, რაც ინფლაციის პროგნოზზეც შემცირების მიმართულებით მოქმედებს. ზრდის პროგნოზის გადახედვა გლობალური ეკონომიკური აქტივობისა და საგარეო მოთხოვნის უფრო დიდ მოსალოდნელ შემცირებას უკავშირდება, ვიდრე ეს პანდემიის საწყის ეტაპზე იკვეთებოდა", — აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკური აქტივობა ივნისში წლიურად 7.7 პროცენტით შემცირდა, თუმცა აპრილ-მაისთან შედარებით, ადგილობრივი მოთხოვნის გაჯანსაღების ნიშნები იკვეთება. მათივე ინფორმაციით, 97%-ით შემცირდა ივნისში საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავალი წლიურად, ასევე, შესუსტდა ექსპორტზე მოთხოვნაც და ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა. ოფიციალურ განცახდებაში ვკითხულიბთ, რომ საექსპორტო შემოსავლების კლებასთან ერთად, იმპორტიც წლიურად 22 პროცენტით შემცირდა.