კახა კალაძე ბოდიშს უხდის იმ ადამიანებს, ვისაც პირველ აგვისტოს, შაბათს ჭავჭავაძის გამზირზე და მიმდებარედ გადაადგილდებოდა და საცობში დგომა მოუწია. თუმცა, მისივე თქმით, ეს არ არის მისი "ხუშტური" და "ახირება".

"ვინმემ არ მინდა იფიქროს, რომ ეს არის ჩემი ახირება ან ჩემი ხუშტურები. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რა თქმა უნდა, ბევრ ქალაქში ვარ ნამყოფი, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქვეყანაში ათი წლის განმავლობაში ვცხოვრობდი და გულწრფელად მინდა და მაქვს ამბიცია, რომ ყველაფერი საუკეთესო, რაც განვითარებულ ევროპულ ქალაქებშია გაკეთებული, ჩემს ქალაქშიც ანალოგიური პროექტები იქნეს განხორციელებული. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა მოხდეს გათვლით, სტრატეგიებით და კონკრეტული პროექტების განხორცილებით", — თქვა კალაძემ.

ამის შემდეგ მან გაიხსენა, როგორ შესთავაზეს ქართულ ოცნებაში თბილისის მერობა, როგორ არ ელოდებოდა ამას და როგორ იფიქრა რამდენიმე დღის განმავლობაში, რადგან, მისი თქმით, კარგად ესმის, "რამდენად რთულია ამხელა ქალაქის მართვა ქვეყანაში არსებული მიგრაციის და პოლიტიკური ვნებების ფონზე".

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ როცა შეთავაზებას თანხმდებოდა, გუნდთან ერთად გადაწყვიტა, რომ ვერ იქნებოდნენ ადამიანები, რომლებიც გზას დააგებდნენ ან ორმოებს ამოავსებდნენ.

"ჩვენ ვთქვით, რომ უნდა ვიყოთ ის ადამიანები, რომლებიც გაატარებენ რეფორმებს, რომლებიც შეიძლება იყოს მტკივნეული, არაპოპულარული, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქალაქისთვის, ჩვენი შვილებისთვის და მომავალი თაობისთვის", — აღნიშნა მან.

მისივე თქმით, რეფორმაზე სამუშაოდ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი კომპანიები და ექსპერტები მოიძიეს, ვისაც ანალოგიური პროექტები ჰქონდა გაკეთებული.

მან ასევე აღნიშნა, რომ თბილისში მანქანების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. კალაძის სტატისტიკით, 2012 წელს თბილისში 180 ათასამდე ავტომობილი იყო, 2020 წელს კი 600 მეტი. მისი თქმით, "ქალაქს ვერ გავბერავთ, ვერ გავზრდით". კიდევ ერთი სტატისტიკა, რომელიც მერმა მოიყვანა, მგზავრების გადაყვანას ეხება. კალაძის თქმით, 55 ავტომობილი უდრის ერთ 12-მეტრიან ავტობუსს.

"რეფორმა, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ, არის უალტერნატივო და ერთადერთი გზა, რომ ეს პრობლემა წლების განმავლობაში ეტაპობრივად იქნეს მოგვარებული. რა თქმა უნდა, ამის შედეგებს დღეს და ხვალ ვერ დავინახავთ, მე შეიძლება გავილანძღო, ჩემი თანაგუნდელები გაილანძღონ, მაგრამ ჩვენ ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას, რადგან ამ რეფორმის გატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის", — თქვა კალაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ კერძო ავტომობილებს არ ებრძვის და მიზანი მიმართულებების გადანაწილებაა.