4 აგვისტოს ღამით, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ძლიერი აფეთქება მოხდა. ლიბანის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გარდაცვლილია სულ მცირე 100 ადამიანი, უსახლკაროდ დარჩა 300 000 ადამიანი, დაშავებულთა რიცხვი კი 4 000-ს აჭარბებს.

აფეთქების გამომწვევ მიზეზად თავდაპირველად რამდენიმე ვერსია გავრცელდა. საუბარი იყო პიროტექნიკის აფეთქებაზე, სხვა ადვილად ფეთქებად ნივთიერებებზეც, თუმცა ოფიციალური პირები საწყობში 6 წლის მანძილზე შენახულ ძლიერ ფეთქებად ნივთიერებებზე საუბრობენ. ლიბანის პრეზიდენტის განცხადებით, "დაუშვებელია", რომ 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე იყო შენახული.

ფოტო: news.sky.com

აფეთქების ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ 240 კილომეტრის რადიუსში, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის კვიპროსის კუნძულზეც გაისმა.

ტვირთი საწყობში 2013 წლიდან ინახებოდა და მანამდე ბათუმის პორტშიც იყო — 2013 წლის 23 სექტემბერს m/v Rhosus, რომელიც მოლდოვის დროშით ოპერირებდა, ბათუმის პორტიდან მოზამბიკისკენ 2,750 ტონა ამონიუმის ნიტრატის გადასატანად გავიდა. უცნობია, სად დაიტვირთა გემი ამ ნივთიერებით. ცნობილია, რომ გემის მფლობელი კვიპროსში მცხოვრები რუსი მოქალაქე იგორ გრეჩუშკინი იყო. გემს გადაადგილების პერიოდში ტექნიკური და სამართლებრივი პრობლემები შეექმნა და ბეირუთში ჩასულმა გზა ვეღარ განაგრძო, რის გამოც თავისი ტვირთით ბეირუთის პორტში გაჩერდა. სამართლებრივი პროცედურების გავლის შემდეგ, მთლიანი ტვირთი იმ საწყობში ინახებოდა, სადაც 4 აგვისტოს აფეთქება მოხდა.

ამონიუმის ნიტრატი მრავალნაირად გამოიყენება, მაგრამ მათ შორის მთავარი ფუნქციაა ასაფეთქებელი ან სასოფლო სამეურნეო საქმიანობაში მიწის გამანოყიერებელი. ის ხდება ძლიერ ფეთქებადი, როცა ცეცხლთან აქვს კავშირი. აფეთქების შემდეგ ამონიუმის ნიტრატი ისეთ ტოქსიკურ აირებს გამოყოფს, როგორიცაა აზოტის ოქსიდები ან ამონიუმის აირები. გამომდინარე იქიდან, რომ ნივთიერება ფეთქებადსაშიშია, მის შენახვაზე განსაკუთრებული ზომები მოქმედებს — ადგილი, სადაც ის ინახება, ცეცხლგამძლე უნდა იყოს, არ უნდა იყოს მილები და სადინარები.

ბეირუთში აფეთქების საკითხზე გამოძიება დაიწყო. ლიბანის უმაღლესი თავდაცვის საბჭოს განცხადებით, პასუხისმგებელი პირები "მაქსიმალური სიმკაცრით დაისჯებიან".

ფოტო: BBC

ლიბანის პრემიერმინისტრმა საერთაშორისო დახმარება ითხოვა, რასაც ბორის ჯონსონი, ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ტვიტერის საშუალებით გამოეხმაურა:

"აფეთქების ამსახველი ფოტოები და ვიდეოები შოკისმომგვრელია. გაერთიანებული სამეფო მზადაა ნებისმიერი შესაძლო საშუალებით დახმარება აღმოუჩინოს ბეირუთს".

ტრაგედიას გამოეხმაურა დონალდ ტრამპიც და მომხდარს "საშინელი თავდასხმა" უწოდა. შესაბამისი ზომები მიიღეს საფრანგეთმა, ისრაელმა და გერმანიამაც.

ბეირუთი პრეზიდენტმა 3-დღიანი სამგლოვიარო პერიოდი გამოაცხადა და თქვა, რომ მთავრობა აფეთქებით გამოწვეული გადაუდებელი საჭიროებებისთვის 100 მილიარდ ლირას გამოყოფს. (დაახლოებით 66 მილიონი დოლარი).

აფეთქება ლიბანში საკმაოდ მძიმე პერიოდს დაემთხვა. ქვეყანა 1975-1990 წლების სამოქალაქო ომის შემდეგ ყველაზე ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისშია. იქამდეც კი, სანამ მსოფლიოში Covid-19 გავრცელდებოდა, ლიბანში მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. უმუშევრობის დონე 25%-ია, მოსახლეობის 1/3 კი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, აქვთ სასმელი წყლის დეფიციტი, შეზღუდული საზოგადო ჯანდაცვა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაუმართავი ინტერნეტ-წვდომა. 2019 წლის ოქტომბერში უცხოური ვალუტის სიმცირემ ლიბანური ფულის ერთეულის ღირებულების შემცირება გამოიწვია. შუა პერიოდში მთავრობამ თამბაქოსა და ნავთობზე ახალი გადასახადები დაამტკიცა.

ფოტო: english.aawsat.com

ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს ქვეყანაში მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ათობით ათასი ლიბანელი პრემიერმინისტრის გადადგომის მოთხოვნით ქუჩებში გამოვიდა. ახალი პრემიერი ჰასან დიაბი გახდა.

ვირუსის გავრცელების შემდეგ, მთავრობამ სპეციალური გეგმა შეიმუშავა, რითაც ეკონომიკური კრიზისის დასრულებას და საერთაშორისო მონეტარული ფონდიდან დახმარების მოძიებას ისახავდა მიზნად. ლიბანის რელიგიური მრავალფეროვნება უცხოური ძალების გავლენებისადმი ქვეყნის მოწყვლადობას ზრდის. ჰეზბოლას შიიტური მოძრაობა ქვეყანაში ყველაზე ძლიერი სამხედრო და პოლიტიკური ჯგუფია.

ბეირუთში ამ დრომდე გრძელდება ნანგრევებში დაკარგული ადამიანების ძებნა და შესაბამისად, გარდაცვლილთა რაოდენობა იმატებს. საავადმყოფოები დაშავებული ადამიანების ჰოსპიტალიზაციას ვეღარ ახერხებენ. ჯანდაცვის სფეროს გაუმართავობის გამო, ქვეყანას სამედიცინო პერსონალის სახით დახმარება სხვადასხვა ქვეყნებმა გაუგზავნეს.