საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი ტრანსგენდერი ქალის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის ერთი პირი დააკავეს. უწყებაში ამბობენ, რომ შემთხვევა თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 2 ტრანსგენდერ ქალს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", — ამბობენ შსს-ში.

მათივე ცნობით, ის შემთხვევიდან რამდენიმე დღეში დააკავეს და ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ძალადობას გულისხმობს და 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.