ახალი საკითხავის შერჩევისას ყველა მკითხველის გონებაში ყოველთვის გაიელვებს ერთი კითხვა: და რომ არ მომეწონოს?

გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს ძალიანაც არ უნდა გვადარდებს, რადგან იმის შეგრძნებით, რომ რაღაც არ მოგვეწონა, სანაცვლოდ უკეთ ვიგებთ, თუ რა მოგვწონს. თუმცა ამ კითხვას თავიდან მაინც ვერ ვიშორებთ და ახალი წიგნის შეძენის წინ კირკიტა მკითხველები ვაფასებთ გამოცემას ვიზუალურად, ვკითხულობთ ანოტაციას, ვითვალისწინებთ მეგობრის რჩევებს, წიგნის მაღაზიაში კონსულტანტის შესაძლო რეკომენდაციასაც ვეცნობით და აი, ამ ყველაფრის შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებას.

მართალია, წაკითხული წიგნის იმედგაცრუების შემთხვევაში "დაკარგულ" დროს უკან ვეღარ დავიბრუნებთ, მაგრამ რას იტყვით იმაზე, მასში გადახდილი თანხა რომ აინაზღაუროთ?

ალბათ, გულისტკივილს ნაწილობრივ მაინც შეგიმსუბუქებდათ.

სწორედ ასეთ უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს გამომცემლობა არეტე ქართველ მკითხველს: თუ მათ მიერ გამოცემულ ნებისმიერ წიგნს აგვისტოს ბოლომდე შეიძენთ და წაკითხვის შემდეგ აღმოაჩენთ, რომ სულაც არ მოგეწონათ ის, მაშინ სექტემბრის ბოლომდე მისი დაბრუნება შეგიძლიათ.

ხუმრობა არ გეგონოთ, სწორედ ასეა: ამბობთ, რომ წიგნმა მოლოდინები ვერ გაგიმართლათ, მეტიც — ის საერთოდ არ მოგეწონათ და მას იბრუნებენ.

ეს აქცია მხოლოდ თბილისში, ჭავჭავაძის 22 ნომერში მდებარე წიგნის მაღაზია პარნასში მოქმედებს. თუ გამომცემლობა არეტეს წიგნის შეძენას პარნასში გადაწყვეტთ, შეინახეთ ქვითარი და სექტემბრის ბოლომდე მისი დაბრუნების შანსი გექნებათ.

ოღონდ გაითვალისწინეთ: წიგნები არ ეწევიან სიგარეტს, არ უყვართ ბანაობა, არ სვამენ ყავას და მათი ფურცლების ჩაკეცვა უკვე დიდი ხანია მკრეხელობად ითვლება — უკვე რახანია, კაცობრიობა სანიშნეს იყენებს.

შესაბამისად, დაბრუნების შემთხვევაში, თქვენ მიერ დაწუნებული წიგნი დაზიანებული არ უნდა იყოს და თუ ძალიან გატკინათ გული, არც მაშინ უნდა შელახოთ მისი უფლებები, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მას თქვენთან ერთად მოუწევს დარჩენა და კიდევ დიდხანს შეგახსენებთ, თუ როგორ გაგიცრუათ იმედები.

ფოტო: Warner Bros.

არეტეს აქამდე ისეთი ცნობილი წიგნები აქვს გამოცემული, როგორებიცაა ხულიო კორტასარის კლასობანა, კნუტ ჰამსუნის შიმშილი, ჯეინ ოსტინის სიამაყე და მცდარი აზრი, ჯორჯ მარტინის სატახტოთა თამაში თუ ოთარ ჭილაძის გზაზე ერთი კაცი მიდიოდა.

შესაბამისად, ამ ზაფხულის მიწურულს საინტერესო საკითხავის შერჩევა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ, თანაც იმ გარანტიით, რომ წიგნის უკან დაბრუნება შეგიძლიათ. თუმცა, როგორც გამომცემლობა გვპირდება, მათი გამოცემული წიგნების დაწუნების შანსი მეტისმეტად მცირეა და ყველაზე პრეტენზიული მკითხველიც კი ნუ იქნება ზედმეტად თავდაჯერებული.