წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 8 ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაცია ამის შესახებ სამართლიანი არჩევნების 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშში მოხვდა.

დოკუმენტის მიხედვით, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 4 ფაქტი დაფიქსირდა მაჟორიტარი დეპუტატებისა და მაჟორიტარობის კანდიდატების მიერ, მათ შორის: ლელოს მიერ 1, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ — 2. მონიტორინგის შედეგებში ვკითხულობთ, რომ აღნიშნულმა პარტიებმა სოციალური დახმარების აქციები განახორციელეს. კერძოდ, ლელო საქართველოსთვის სოფელ გლდანში არსებულ მოხუცთა პანსიონატს დაეხმარა, ხოლო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელვაჩაურის მუნიციპალური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ორ ოჯახს სურსათი გადასცა. ამასთან, 1 შემთხვევა გამოვლინდა თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატის მიერ.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები დაფიქსირდა ცაგერში, ამბროლაურსა და ონში ქართული ოცნების მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის სახელითაც.

სამართლიანი არჩევენები ხელისუფლებასა და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, წინასაარჩევნოდ რეკომენდაციები გაითვალისწინონ და არ გამოიყენონ ამომრჩევლებთან ურთიერთობის იმგვარი ფორმა, რაც მათი მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს. მათ შორის, მაჟორიტარობის ოფიციალურად დასახელებულმა კანდიდატებმა თავი უნდა შეიკავონ სოციალური დახმარების უშუალოდ გადაცემისგან, რათა არ შექმნან ამომრჩევლის მოსყიდვის განცდა. მათივე რეკომენდაციით, ქველმოქმედების განხორციელებისას, პოლიტიკურმა სუბიექტებმა უნდა დაიცვან ანონიმურობა. ანგარიშში აგრეთვე აღნიშნულია, რომ პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატებმა თავი უნდა შეიკავონ სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებში მონაწილეობისგან.

წწინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშში შესწავლილია პერიოდი 2020 წლის 5 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით.