წინა ხუთშაბათს, 30 ივლისს, ლოს-ანჯელესის ზოოპარკმა განაცხადა, რომ ცხოველთა დაცვის გუნდმა რთული გადაწყვეტილება მიიღო: მათ ერთდროულად ორი ლომის დაძინება მოუწიათ. 21 წლის ჰუბერტი და კალისა მრავალი წლის განმავლობაში ერთმანეთის პარტნიორები იყვნენ, მათი ევთანაზია კი საჭირო გახდა "გაუარესებული ჯანმრთელობისა და ასაკთან დაკავშირებული დაავადებების გამო, რომლებმაც მათი სიცოცხლის ხარისხი შეასუსტა".

ჰუბერტი ჩიკაგოში დაიბადა, ლინკოლნის პარკის ზოოპარკში, კალისა კი სიეტლის ვუდლენდის პარკის ზოოპარკიდან გადმოიყვანეს. ისინი ერთმანეთს ლოს-ანჯელესის ზოოპარკში შეხვდნენ 2014 წელს. მას შემდეგ, ისინი განუყრელები გახდნენ.

ფოტო: Los Angeles Zoo and Botanical Gardens

"ჰუბერტი და კალისა ლოს-ანჯელესის ზოოპარკის საკულტო ნაწილი იყვნენ და ერთმანეთისადმი მათი ერთგულება ჩვენი თანამშრომლებისა და მნახველების გულებს ყოველთვის ათბობდა. ეს მოსიყვარულე წყვილი ლოს-ანჯელესის ზოოპარკში ექვსი წლის წინ მოვიდა და თავიანთი გასაოცარი სილამაზისაა და უნიკალური კავშირის მეშვეობით მათ მალევე ძალიან შეგვაყვარეს თავი.

ხშირად ამბობდნენ ხოლმე, რომ კალისა ისე ვერ დაინახავდი, სადმე ახლომახლო ჰუბერტიც რომ არ ყოფილიყო. ამიტომ, მართალია, გულს გვიმძიმებს იმაზე ფიქრი, რომ ამ წყვილთან გამომშვიდობება მოგვიწია, მაგრამ ის მაინც გვახარებს, რომ მათ ერთდროულად დატოვეს ეს სამყარო. ეს ლომები ჩვენი ისტორიის დადებით ნაწილად დარჩებიან და ძალიან მოგვენატრებიან", — თქვა ზოოპარკის ხელმძღვანელმა დენის ვერეტმა.

ლომების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ჰუბერტი და კალისა უკვე მოხუცებულებად განიხილებოდნენ, როდესაც ისინი 2014 წელს ლოს-ანჯელესის ზოოპარკში მოვიდნენ, სადაც მათ პირველად იპოვეს ერთმანეთი. ისინი მალევე იქცნენ ზოოპარკის მნახველებისა და თანამშრომლების საყვარელ წყვილად და ცნობილნი იყვნენ თავიანთი ხშირი ჩახუტებებითა და დრუნჩების მიალერსებით.

ფოტო: R. Kurmann / Flickr

ფოტო: R. Kurmann / Flickr

ფოტო: R. Kurmann / Flickr