მაშველები სრულიად განცვიფრებულები იყვნენ, როდესაც 10 წლის ბიჭუნამ BBC TV-ის დოკუმენტურ ფილმში ნანახი რჩევის გათვალისწინებით საათზე მეტი ხანი გაძლო ზღვაში და გადარჩა.

ბავშვი პარასკევს, 31 ივლისს, დაიკარგა ზღვის მახლობლად ინგლისში, სკარბოროში.

მოგვიანებით ქალაქის მაშველებმა ის ზღვაში იპოვეს: ზურგზე მწოლიარეს ხელები და ფეხები ჰქონდა გაშლილი და დახმარებას უხმობდა.

პატარა ბიჭუნა სწორედ იმ მოქმედებებს ასრულებდა, რომლებსაც დიდი ბრიტანეთის სამაშველო სამსახური (RNLI) წყალში რთულ სიტუაციაში აღმოჩენილ ადამიანებს ურჩევს.

სამაშველო ნავს პარასკევს ბრიტანეთის დროით მხოლოდ 19:00 საათის შემდეგ შეეხმიანენ, მას შემდეგ, რაც ბიჭუნა ქალაქის სპა-ცენტრის მახლობლად დაიკარგა.

RNLI-მ განაცხადა, რომ ტალღებმა და ქარმა 10 წლის ბიჭი ყურის მეორე მხარეს გადაიყვანა, ვინსენტ-პიერის მახლობლად.

"გვითხრეს, რომ [ბიჭი] სამაშველო გემით ხალხის გადარჩენის ინციდენტებს უყურებდა BBC-ის დოკუმენტურ ფილმში Saving Lives at Sea (სიცოცხლეების გადარჩენა ზღვაში) და მან შოუს რჩევები გაითვალისწინა. ამ პატარა ყმაწვილმა ყველანი ძალიან გაგვაოცა. მან მოახერხა, სიმშვიდე შეენარჩუნებინა და უსაფრთხოების ზომებს მიჰყოლოდა ასეთ შემზარავ და სტრესულ სიტუაციაში — ეს რომ არ ექნა, შესაძლოა, სხვა შედეგი მიგვეღო", — თქვა სკარბოროს სამაშველო სადგურის მესაჭე ლი მარტონმა.

RNLI-ის თქმით, სამაშველო სადგურზე პატარა ბიჭი ოჯახს დაუბრუნდა.