პარლამენტის დეპუტატი სერგი კაპანაძე ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის უფროსი იქნება. იგი დღეს პარტიის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ მაჟორიტარი კანდიდატების დასახელების დროს წარადგინა.

"დღეიდან ევროპული საქართველო იწყებს ძალიან აქტიურ საარჩევნო კამპანიას, რომლის მიზანი და ამოცანა იქნება გავათავისუფლოთ ეს ქვეყანა ივანიშვილის მმართველებისგან, კამპანია, რომლის შედეგად მარტო ქართული ოცნება კი არ დამარცხდება, არამედ გვეყოლება ახალი, დღეს ოპოზიციაში მყოფი პროდასავლური ძალებისგან შექმნილი კოალიცია და მისი ცენტრალური ნაწილი იქნება ევროპული საქართველო", — განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისი თქმით, პარტიის საარჩევნო კამპანია იქნება ძალიან აქტიური, ინოვაციური და მებრძოლი. კაპანაძის განცხადებითვე, საარჩევნო შტაბში ასევე იქნებიან ნინო გოგუაძე, გიორგი გაბაშვილი, ირაკლი კიკნაველიძე, გიორგი კანდელაკი და სხვები.

დღეს, 3 აგვისტოს ევროპულმა საქართველომ რეგიონებში მაჟორიტარობის 14 კანდიდატი წარადგინა. როგორც დავით ბაქრაძემ განმარტა, დღეს გუნდის მხოლოდ ნაწილს დაასახელებენ და ნაწილი ღიად რჩება.

გარდა ამისა, აჭარის უმაღლესი საბჭოში ბათუმის მაჟრიტარობის კანდიდატი არის ვახტანგ კალოიანი, ხოლო ქედის, ხელვაჩაურის, შუახევისა და ხულოს — თემურ კახიძე.

რაც შეეხება თბილისს, რაც აქამდეც ცნობილი იყო, ვაკე-საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ელენე ხოშტარია, ხოლო მთაწმინდასა და კრწანისში — შალვა შავგულიძე.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც მმართველი გუნდის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა პირობა არ შეასრულა და პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩავარდა, ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა. საპროტესტო აქციების, პარლამენტის პიკეტირებების, აქციების დაშლისა და ფასილიტატორი ელჩების ჩართვის შემდეგ, ოპოზიცია და მმართველი გუნდი ახალ "თითქმის პროპორციულ" საარჩევნო სისტემაზე შეთანხმდა, რომლის მიხედვითაც პარლამენტში საარჩევნო სიით 120 დეპუტატი შევა, 30-ს კი მაჟორიტარულ ოლქებში აირჩევენ.

საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში სწორედ ამ სისტემით ჩატარდება.