საკულტო ფრენჩაიზ Scream-ის შემქმნელებმა ზუსტად იციან, რომ მაყურებლებს ახალ ნაწილში განსაკუთრებულად გაუხარდებათ ნაცნობი სახეების ხილვა და იმედებიც არ გაგვიცრუეს: დიდ ეკრანზე კვლავ ვიხილავთ კორტნი კოქსს.

რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ გახმაურებული საშინელებათა ჟანრის ფილმების სერიის კივილის მეხუთე ნაწილის გადაღებაზე მუშაობდნენ. სულ ახლახანს კი დადასტურდა, რომ ახალ ფილმში კორტნი კოქსსაც ვიხილავთ.

ეს ცნობილი ამერიკელი მსახიობი ამ ყველასთვის კარგად ნაცნობ ფილმების ფრენჩაიზში რეპორტიორი გეილ უეზერსის როლს ასრულებდა აქამდე გამოსულ ოთხივე ნაწილში.

როგორც ჩანს, მისი დაბრუნება ნაცნობ გარემოში თავად კორტნი კოქსსაც ახარებს:

"ერთი სული მაქვს, ეს სახე კვლავ ვიხილო", — ასე დაადასტურა 56 წლის მსახიობმა გეილ უიზერსის როლის კიდევ ერთხელ შესრულება ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტით.

View this post on Instagram

@screammovies @spyglassmediagr @paramountpics

A post shared by Courteney Cox (@courteneycoxofficial) on

მაისში ასევე დადასტურდა, რომ ახალ ნაწილში ასევე ვიხილავთ კიდევ ერთ კარგად ნაცნობ სახეს: მსახიობ დევიდ არკეტს, რომელსაც ამ ფრენჩაიზის მოყვარულები პოლიციელი დიუი რაილის როლით იცნობენ.

მაღალი მოლოდინების მქონე ამ ახალ ფილმს გასულ წელს გამოსული ასევე საშინელებათა ჟანრის ფილმის Ready or Not-ის რეჟისორები, მეთ ბეტინელი და ტაილერ ჯილეტი გადაიღებენ, სცენარზე კი Zodiac-სა და The Amazing Spider-Man-ის სცენარისტი, ჯეიმს ვანდერბილტი იმუშავებს.

კივილის პირველი ნაწილი 1996 წელს გამოვიდა და ის ნიღბიანი მკვლელის საზარელი დანაშაულების შესახებ მოგვითხრობს, რომლის მთავარი ატრიბუტიც — ნიღაბი ედვარდ მუნკის ცნობილი ნახატის კივილის შთაგონებითაა შექმნილი. ფილმმა მაშინვე მოიპოვა პოპულარობა და 1997, 2000 და 2011 წლებში კიდევ სამი ნაწილი გამოვიდა, რითიც საბოლოოდ ფრენჩაიზის შემოსავლებმა $608 მილიონს მიაღწია.

თუ პანდემიის გამო შექმნილი ვითარება კინოწარმოებას ხელს კიდევ დიდხანს არ შეუშლის, დიდი ალბათობით, კორტნი კოქსისა და დევიდ არკეტის ხილვა ერთად 2021 წლის ბოლომდე კივილის მეხუთე ნაწილში შეგვეძლება.

დევიდ არკეტი და კორტნი კოქსი ფილმში Scream 2.

ფოტო: Dimension Films