თამარ ბაჩალიაშვილის დედა პრემიერ გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვს, ის დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

"გახარიასთან მინდა შეხვედრა თუ პატივს დამდებს და შემხვდება, გადმოცემით ვიცი რომ ამ კაცმა თქვა, გამოძიებული უნდა იყოს ბაჩალიაშვილისა და შაქარაშვილის საქმე და ამ თემაზე რას მეტყვის უშუალოდ მინდა მისგან გავიგო", — ბაჩალიაშვილის დედა

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. ოჯახის წევრების განცხადებით, ის საკუთარი მანქანით ქვემო ფონიჭალიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მათი თქმით, დაკარგულის ავტომობილი ჯერ მარნეულში, ბოლოს კი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში დააფიქსირეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა. 24 ივლისს საქმეს კიდევ ერთი კვალიფიკაცია თვითმკვლეოობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

დაკარგვიდან 5 დღის შემდეგ, ბაჩალიაშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანქანა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მაგისტრალიდან 100-200-მდე მეტრის დაშორებით, ბუჩქნარში იყო გაჩერებული. ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, ცხედარი უკანა სავარძელზე იყო და ქალი რამდენიმე დღის გარდაცვლილია.

ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთო. მათთვის გაურკვეველია, როგორ ვერ იპოვეს მანქანა 4 დღის განმავლობაში, თუკი სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო დრონი. ადვოკატს, ასევე, აქვს კითხვა, რატომ იპოვა მანქანა მწყემსმა და ვერ მოახერხა ეს პოლიციამ.

ადვოკატის ინფორმაციით, გარდაცვლილის მანქანაში იპოვეს მისი ტელეფონი, რომელიც გამორთული იყო და ამოღებულია სხვადასხვა მედიკამენტიც. რამიშვილს არ აქვს ინფორმაცია, კონკრეტულად რა პრეპარატებია, თუმცა აცხადებს, რომ ფსიქოტროპული არ არის.