დაკავებულს, რომელიც პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა პოლიციისგან სამოქალაქო კლინიკაში გადაიბარეს, კოვიდ-19 დაუდასტურდა. მისი მდგომარეობა სტაბილურია და ჯანდაცვის შესაბამის სამსახურებთან კონსულტაციის შესაბამისად, გადაწყდება ბრალდებულის მკურნალობა. ინფორმაციას სპეციალური პენიცენციური სამსახური ავრცელებს.

"2020 წლის 28 ივლისს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს ბრალდებული დ.წ., რომელიც დროებითი მოთავსების იზოლატორიდან 29 ივლისს ტემპერატურის მომატების მიზეზით გადაიყვანეს ცხელების კლინიკაში. ბრალდებულისთვის სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მყოფი ბრალდებული პოლიციის თანამშრომლებისაგან 1-ლ აგვისტოს 03:12 სთ-ზე ჩაიბარეს.

დადგენილი წესის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებაში შეყვანამდე, 2020 წლის 1-ლ აგვისტოს 04:00 სთ-ზე ბრალდებულისგან აღებული იქნა ბიოლოგიური მასალა PCR ტესტის ჩასატარებლად. ამავე დღეს, 09:40 სთ-ზე ესკორტის ოფიცრების ცვლა შეიცვალა და ბრალდებული ესკორტის სხვა სამმა ოფიცერმა გადაიბარა. 1-ლ აგვისტოს 16: 30 სთ-ზე მიღებული იქნა ბრალდებულისთვის ჩატარებული ტესტის პასუხი, რომლითაც მას კოვიდ-19 დაუდასტურდა.

ასევე, ესკორტის სამი ოფიცერი, რომლებიც ამჟამად ბრალდებულთან ერთად იმყოფება, ბრალდებულის სპეციალიზებულ კლინიკაში გადაყვანის შემდეგ (რაც უახლოეს პერიოდში მოხდება) გაივლის ტესტირებას და გადავა თვითიზოლაციაში, სადაც ასევე 21 დღეს გაატარებს.

როგორც ზემოთ ითქვა, ბრალდებული ესკორტის ოფიცრებმა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადმოიბარეს. შესაბამისად, იგი პენიტენციურ სისტემაში არ მოხვედრილა და პენიტენციურ სისტემასთან არანაირი შეხება არ ჰქონია", — ნათქვამია განცხადებაში.