კრიმინალურმა ავტორიტეტმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, ე.წ. კაწრომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დნმ-ს ნიმუში ჩააბარა. მისით გამოძიება მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ იგი გიორგი შაქარაშვილის საქმეს უკავშირდება.

ბილანიშვილის ადვოკატის განცხადებით, დნმ-ის ჩაბარება პროკურატურამ მოითხოვა და ის ექსპერტიზის ბიუროში ნებაყოფლობით გამოცხადდა.

"შეგვეძლო უარი გამოგვეცხადებინა, მაგრამ რომ არ იყოს კიდევ კითხვები, რადგან გარეშე დაინტერესებულმა პირებმა ავთანდილ ბილანიშვილი ჩართეს ამ საქმეში, ამიტომ ნებაყოფლობით გამოვცხადდით საექსპერტო ბიუროში და მოხდა ნიმუშის ნებაყოფლობით ჩაბარება. მისი შემხებლობა რომ არ არის საქმესთან დაკავშირებით, ეს უნდა გამოირიცხოს", — აცხადებს თამარ აბესაძე.

აღსანიშნავია, რომ ნიკა გვარამია, რომელმაც კაწრო შაქარაშვილის საქმესთან მიმართებაში პირველად ახსენა, ამბობს, რომ ის მონაწილეობდა არა მკვლელობაში, არამედ "საქმის ჩაფარცხვაში". გვარამიას თქმით, მას ამას სამი სხვადასხვა წყარო უდასტურებს.

პირველად მთავარი არხის ეთერში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ დიდუბეში გიორგი შაქარაშვილის მეგობარი, გურამ ამირხანაშვილი თეთრპერანგიან პირს ელაპარაკება, რომელიც თეთრი მიკროავტობუსიდან გადმოვიდა. მთავარი არხის დირექტორი ამ ადამიანს კრიმინალური ავტორიტეტ "კაწროს" უკავშირებს და ამბობს, რომ ფეხბურთელის ცხედარი მანქანაში იყო.

19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს დაიკარგა. დადგინდა, რომ ის მცხეთაში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ ერთმა ჯგუფმა თბილისიდან "დახმარება გამოიძახა". შაქარაშვილი და კიდევ 5 ადამიანი აგარაკიდან მათ მოსვლამდე წამოვიდა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ უკვე არაგვის ხიდთან მყოფ ახალგაზრდებს მანქანიდან გადმოსული ადამიანები თავს დაესხნენ, რის შემდეგაც შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ. ფეხბურთელის კვალი აქედან იკარგება, მასთან ერთად მყოფი 5 ადამიანი კი თბილისში ცალ-ცალკე, სხვადასხვა დროს დაბრუნდა.

4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. რამდენიმე დღეში საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს, ყველა მათგან წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. თავდაპირველად, მათ ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე აქვთ წარდგენილი. როგორც ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ უწყებაში განაცხადეს, საქმეზე კვალიფიკაცია დაზუსტდა და ამ საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით გაგრძელდება.

სწორედ ექსპერტიზის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი, გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამავე დასკვნის მიხედვით, გარდაცვალებამდე მას მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.