გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, SoftBank ჩიპების ბრიტანული მწარმოებლის, ARM-ის გაყიდვის შესაძლებლობას განიხილავს. ARM საკუთარი ჩიპების ლიცენზირებას ისეთი კომპანიებისთვის ახორციელებს, როგორებიც არიან Qualcomm, ეფლი, სამსუნგი, ჰუავეი და სხვები. ბლუმბერის ინფორმაციით, შეთავაზებით Nvidia დაინტერესდა და ARM-ში $32 მილიარდზე მეტის გადახდის მზადყოფნას გამოთქვამს.

ცნობილია, რომ Nvidia ერთადერთი კომპანიაა, რომელიც ამჟამად SoftBank-თან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს და შედეგი უკვე რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი. თუ გარიგება წარმატებით დასრულდება, ეს კომპიუტერული ჩიპების ბიზნესში განხორციელებული ერთ-ერთი უმსხვილესი შენაძენი იქნება, რასაც, დიდი ალბათობით, მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან მკაცრი კონტროლი მოყვება.

იაპონურმა კონგლომერატმა SoftBank-მა ჩიპების მწარმოებელი ARM ჯერ კიდევ 2016 წელს $31 მილიარდად შეიძინა და იმ დროიდან კომპანიის საბაზრო ღირებულება მხოლოდ იზრდებოდა, რადგან ჩიპები ანდროიდ და iOS მოწყობილობების განუყოფელ ნაწილად იქცნენ. მაიკროსოფტში უკვე აწარმოებენ Surface მოწყობილობებს ARM ჩიპების ბაზაზე და ვინდოუსის სპეციალური ვერსიაც კი შექმნეს აღნიშნული არქიტექტურის მხარდაჭერით. იმავეს აანონსებს ეფლიც და სულ მალე Mac კომპიუტერები ასევე ARM არქიტექტურაზე გადავლენ. ვინაიდან SoftBank-ს საკუთარი მზარდი დავალიანების დაფარვა და უკმაყოფილო ინვესტორების დამშვიდება სურს, ARM-ის გაყიდვა იაპონური ტექნოლოგიური კონგლომერატისთვის მომგებიანი გადაწყვეტილება იქნება.

Nvidia-სთვის კი ARM-ის ხელში ჩაგდება ბაზრის ახალ სეგმენტზე გასვლას ნიშნავს, რადგან ამჟამად კომპანია, ძირითადად, გრაფიკული ჩიპების წარმოებითაა დაკავებული და პროცესორებთან მას ნაკლები შეხება აქვს — თუ არ ჩავთვლით Tegra-ს, რომელსაც კომპანია Nintendo Switch-სა და Nvidia Shield-ში იყენებს, რომლებიც ასევე ARM-ის ბაზაზე მუშაობენ.