პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და მუქარის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სამეგრელოში მოხდა.

დაკავების შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ, 31 ივლისს გაავრცელა, თუმცა მითითებული იყო მხოლოდ მუხლი და არა გამოძიების ვერსია, რომელსაც უწყება სტანდარტულად ავრცელებს. უწყებაში დამატებით კითხვებს არ პასუხობენ. მათი ცნობით, ბრალდებული სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელია და ის შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ თბილისის პროკურატურასთან ერთად დააკავა. უწყების ინფორმაციით, ის დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.

სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებას, შენახვას, გამოყენებას, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფას გულისხმობს. რაც შეეხება 151-ე მუხლის პირველ ნაწილს, ეს არის სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.