იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელია. ამის შესახებ მან გიორგი რურუას არშეწყალების შესახებ სალომე ზურაბიშვილის განცხადების კომენტირებისას თქვა.

"გუშინ ჩვენ მოვუსმინეთ საქართველოს პრეზიდენტს. მას ჰქონდა თავის განცხადებაში საკმაოდ პრინციპული ტონი, პოზიცია. ეს არის მისი გადაწყვეტილება და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმ თვალშისაცემ საკონსტიტუციო რეალობას, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებებში, რაც შეეხება შეწყალებას და ნებისმიერ სხვა პოზიციას თუ გადაწყვეტილებას, არის დამოუკიდებელი და არ ექვემდებარება არავის. აქედან გამომდინარე, მე ვერ წარმომიდგენია, რა კომენტარი შეიძლება გავაკეთო მის განცხადებაზე, თუ არა ის, რომ მოვისმინეთ, გავიგეთ და ვიცით", — თქვა წულუკიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი რურუა არ შეიწყალა. ამ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე სალომე ზურაბიშვილი პრემიერმინისტრ გახარიას შეხვდა.

მთავარი არხის მეწილეს, გიორგი რურუას სასამართლომ 30 ივლისს 4 წელი მიუსაჯა. რურუა ერთ-ერთია იმათგან, ვის გათავისუფლებასაც ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში ითხოვდა. უწყება მას იარაღის უკანონო ტარებას ედავებოდა, მისი ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ამტკიცებს, რომ რურუა თავად არის დანაშაულის მსხვერპლი და იარაღი ჩაუდეს. მოგვიანებით პროკურატურამ გიორგი რურუას ბრალი დაუმძიმა. პროკურატურის განცხადებით, ბრალს დაემატება ახალი მუხლი სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობისა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლის შესახებ.