საქართველოს იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ მისთვის Bellingcat-ის გამოძიების შესახებ არ არის ცნობილი, რომელიც, კარანტინის დროს საქართველოში კორუფციაზე საუბრობს. წულუკიანი ყურადღებას კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით საქართველოს წარმატებაზე ამახვილებს და ამბობს, რომ დანარჩენი "ბელეტრისტიკაა".

"არ არის ამის შესახებ ჩემთვის ცნობილი. მე ის ვიცი, რომ საქართველო, მისი ხელისუფლება და ხალხი არის დღესაც სამაგალითო მსოფლიოში. ჩვენ ვიმოქმედეთ სწრაფად, ეფექტურად, დავიცავით ყველამ, საზოგადოებამაც და ხელისუფლებამაც მკაცრი დისციპლინა და ვაჩვენეთ მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ეფექტურად, ეპიდემიოლოგების პროფესიული აზრის გათვალისწინებით და მათი რეკომენდაციების საფუძველზე, იყო წარმატებული და საკუთარ ქვეყანაში არ გქონდეს სიკვდილიანობის მაჩვენებელი, გქონდეს გამოჯანმრთელების მაღალი მაჩვენებელი და დაავადების დაბალი მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე, ჩემთვის დანარჩენი არის უბრალოდ ბელეტრისტიკა", — უთხრა მან ჟურნალისტებს.

გამომძიებლების ავტორიტეტული ჯგუფი, Bellingcat საქართველოში კორონავირუსის დროს კორუფციაზე საუბრობს. გამოცემა, რომელიც ფაქტების გადამოწმებაზე მუშაობს, ამბობს, რომ Covid-19-ზე პირველი რეაგირების შემდეგ და განსაკუთრებით საგანგებო მდგომარეობის დროს, უკვე დაფიქსირდა საეჭვო სახელმწიფო შესყიდვები საქართველოს მთავრობასა და კომპანიებს შორის, რომელთა მესაკუთრეები ქართული ოცნების მხარდამჭერები არიან.