თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელს, მამუკა ჭელიძეს შეხვდნენ.

შეხვედრის შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილის მამამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მას ყველაფერი უამბო და ახლა გამოძიებას ელოდება.

"როგორც სიტყვა მოგვცეს, გამოძიება დროულად უნდა ჩატარდეს, და სწრაფად გამოიძიებენ თუ რა მოხდა, ჩვენს კითხვებზე პასუხები მივიღეთ, ჩვენ მოვუყევით ყველაფერი რაც ვიცით, დანარჩენს ველოდებით გამოძიებას", — ამბობს ბაჩალიაშვილი.

ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, მიიღეს დაპირება, რომ ყველანაირ პირობას შეუქმნიან, რათა გამოძიებაში იყოს ჩართული.

"დეტალურად გვქონდა საუბარი ბატონ მამუკა ჭელიძესთან, იმ ახალ საგამოძიებო ჯგუფთან. ვისაუბრეთ თუ რა პირობებში მიმდინარეობდა სამხარეო პოლიციაში გამოძიება, იმ არანორმალურ მდგომარეობასთან, დროის გაჭიანურებასთან. ყველა კითხვა დაუსვეს ოჯახის წევრებმა და გვითხრეს, რომ მათი მხრიდან იქნება ყველაფერი, ყველანაირად ეცდებიან, რომ უმოკლეს ვადაში იმ კითხვებს გასცენ პასუხი, რაც გვაქვს. გამოძიებას ვენდობით იმ შემთხვევაში, როდესაც დაიწყებენ ქმედებას. ახლა ვერ ვილაპარაკებ ნდობა არ ნდობაზე, დღეს ჩვენი შეხვედრის მიზანი იყო გაცნობა, მოხდა საქმის მასალის მოტანა სამხარაულიდან. გვითხრეს, რომ ყველანაირ პირობებს შეგვიქმნიან, გვქონდეს კონტაქტი გამოძიებასთან, მექნება უფლება ნებისმიერ დროს მოვიდე, ნებისმიერ კითხვაზე მივიღო პასუხი. მე არ ვაპირებ დიდხანს ლოდინს, შევახსენე, გავაფრთხილე, რომ ავტომობილის ექსპერტიზის ჩატარება ჩემი თანდასწრების გარეშე არ მოხდეს, არ მოხდეს არანაირი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ისე, რომ მე საქმის კურსში არ ვიყო", — განაცხადა რამიშვილმა

23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღიანი ძებნის შემდეგ ტყეში, მანქანაში გარდაცლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.