პრეზიდენტმა ბორჯომ-ხარაგაულის პარკში 2018 წლის ხანძრის ლიკვიდაციის დროს დაღუპული ივანე კუპრაძე, სიკვდილის შემდეგ, ღირსების ორდენით დააჯილდოვა. კუპრაძე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების უფროსი იყო.

საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების ორდენი ორბელიანების სასახლეში ივანე კუპრაძის ცოლს, ნათია მულაძეს გადასცა და აღნიშნა, რომ ჩვენი ბუნებისა და ტერიტორიების დაცვა უდიდესი ღვაწლია ქვეყნისა და მომავალი თაობის წინაშე.

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ასევე, რეინჯერის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი პროფესია, რომელიც სათანადოდ არ არის დაფასებული.

"ჩვენ გვჭირდება მეტი რეინჯერი. ძალიან ცოტანი არიან იმის დასაცავად, რაც არის დასაცავი. მათ სჭირდებათ უკეთესი პირობები — ამას ვამბობ თქვენ წინაშე და ქვეყნის წინაშე. ეს არის ჩვენი მოვალეობა. ყველანი ვართ ამაზე პასუხისმგებლები. იმისთვის, რომ მომავალ წლებში მეტმა ახალგაზრდამ დაინახოს, რომ ამ ქვეყნის მომავალი მარტო ბიზნესში ან სამართლის ცოდნაში არ არის, არამედ არის სწორედ ამ პროფესიებში რომელიც იცავს ქვეყანას და მის მომავალს", — განაცხადა პრეზიდენტმა.