ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პოლიტიკურ თანამდებობებს პირველი აგვისტოდან დატოვებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ქართული ოცნება ავრცელებს.

კერძოდ, თანამდებობებს დატოვებენ:

  • კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, რომელიც თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია;
  • შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი — გორი-კასპის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი;
  • მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე — მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი;
  • ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე — ვაკის რაიონის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

პარტიის ინფორმაციით, თანამდებობა უკვე დატოვეს აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ, რომელიც ქართულმა ოცნებამ ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ.

რაც შეეხება დეპუტატობის კანდიდატებად დასახელებულ სხვა ადმინისტრაციული თანამდებობის პირებს, ქართული ოცნების ინფორმაციით, ისინი თანამდებობებს საარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე დატოვებენ.