საქართველოს პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად ახლადდანიშნულმა თამარ ღვამიჩავამ იუსტიციის საბჭოს მეორე სხდომა გააცდინა.

როგორც On.ge-ს საბჭოს კიდევ ერთმა არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა უთხრა, ღვამიჩავას დანიშვნის შემდეგ პირველი სხდომა 23 ივლისს იყო, მაგრამ მაშინ მისი ოფიციალური წარდგენა არ იყო და შესაძლოა, სხდომას ამიტომ არ ესწრებოდა. თუმცა დღეს, 31 ივლისს ჩანიშნულ სხდომაზე მას ელოდებოდნენ. ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, სხდომის დროს ღვამიჩავას არყოფნის მიზეზი იკითხა და უპასუხეს, რომ მას ამის შესახებ ოფიციალურად არ შეუტყობინებია.

On.ge ცდილობდა თამარ ღვამიჩავასთან დაკავშირებას და დღევანდელ სხდომაზე არ მისვლის მიზეზის დადგენას, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

ღვამიჩავა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრად ოფიციალურად 22 ივლისს დაინიშნა, თუმცა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ის 23 ივლისს წარადგინა, იმავე დღეს, როცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომა იყო დანიშნული. ამის შემდეგ, იუსტიციის საბჭოს მორიგი სხდომა დღეს, 31 ივლისს გაიმართა, რომელსაც თამარ ღვამიჩავას არ დასწრებია.

ღვამიჩავა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის თანამდებობაზე 2020 წლის 22 ივლისიდან, 4 წლის ვადით იქნება. იგი პრეზიდენტმა მას შემდეგ დანიშნა თანამდებობაზე, რაც ანა დოლიძემ პოლიტიკაში გადაინაცვლა და იუსტიციის უმაღლესი საბჭო დატოვა.