გერმანიის მთავრობა 200 მლნ ევრომდე გამოყოფს საქართველოსთვის პრიორიტეტული სფეროების დასაფინანსებლად. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაფორმდა შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს გერმანიის მიერ საქართველოსათვის დაახლოებით, 170 მლნ ევროს ოდენობით შეღავათიანი სესხისა და 28,5 მლნ ევროს ოდენობის გრანტის გამოყოფას.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა.

მთავრობის განცხადებით, ფინანსური რესურსი მიიმართება შემდეგი პროექტების დასაფინანსებლად:

  • "მდგრადი ურბანული მობილურობა საქართველოში" – 100 მლნ ევრო სესხის, ხოლო 2.0 მლნ ევრო გრანტის სახით;
  • "ღია პროგრამა ენერგოეფექტიანობა საქართველოში" – 40 მლნ ევრო სესხის, ხოლო 3,2 მლნ ევრო გრანტის სახით;
  • "კომუნალური ინფრასტრუქტურა გარემოსა და ტურიზმისათვის" – 30 მლნ ევრო სესხის, ხოლო 3.0 მლნ ევრო გრანტის სახით;
  • "ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება – საქართველო" – 18,5 მლნ ევრო გრანტის სახით;
  • "ენეროგოეფექტიანობის ღონისძიებები და შენობებში ევროკავშირის ენერგოეფექტიანობის სტანდარტებთან დაახლოება – ფაზა II" – 1,8 მლნ ევრო გრანტის სახით.

მთავრობის განმარტებით, შეთანხმების პროექტით განსაზღვრული პროექტების ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები დაზუსტდება მოგვიანებით და შესაბამისი სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებები გაფორმდება გრანტების შესახებ და სახელმწიფო ვალის შესახებ საქართველოს კანონების შესაბამისად.

მთავრობის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, გერმანიის მიერ ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოსთვის საჯარო სექტორში, ქვეყნისთვის პრიორიტეტული სექტორების დაფინანსების მიზნით, გამოყოფილია დაფინანსება 1 მილიარდ ევროზე მეტი გრანტის, ტექნიკური დახმარებისა და შეღავათიანი სესხის სახით.