Breakind Bad-ის ვარსკვლავმა ბრაიან კრენსტონმა ინსტაგრამიდან გვამცნო, რომ COVID-19 ჰქონდა. ახლა ის გამოჯანმრთელებულია, სისხლში ანტისხეულები აქვს და ვირუსის სამეცნიერო კვლევის დასახმარებლად პლაზმას აბარებს.

კრენსტონმა ეს განცხადება 2-წუთიანი ვიდეოთი გააკეთა, რომელშიც ის UCLA-ის სისხლის ცენტრში პლაზმის დონაციის პროცესს გვაჩვენებს.

"მინდოდა, განმეცხადებინა, რომ ცოტა ხნის წინ COVID-19 მქონდა. ძალიან სუსტი სიმპტომებით, ასე რომ, გამიმართლა. ვიფიქრე, იქნებ რამის გაკეთება შემეძლო, ამიტომ გავწევრიანდი პროგრამაში და იმედი მაქვს, რომ ჩემი პლაზმის გაცემა სხვა ადამიანებს დაეხმარება", — თქვა კრენსტონმა.

ვიდეოსთან თანდართულ ტექსტში კრენსტონმა ახსნა, რომ მისი სიმპტომების სიაში იყო "მცირე თავისტკივილი, გულ-მკერდის დაჭიმულობა და გემოსა და ყნოსვის დაკარგვა". UCLA-ს ექიმის დახმარებით კრენსტონმა 840 მილილიტრი პლაზმა ჩააბარა კორონავირუსის კვლევაში და თქვა, რომ მალე კიდევ ერთი დონაციისთვის დაბრუნდება.

კრენსტონმა თავის გამომწერებსაც მოუწოდა პლაზმის ჩაბარებისკენ, თუკი მათ ჰქონიათ COVID-19.

"ძალიან მკაცრად ვიცავდი უსაფრთხოების ზომებს, მაგრამ მაინც... ვირუსი შემეყარა. ჰო. ძალიან შემაშინებლად ჟღერს, რომ უკვე 150 000 ამერიკელზე მეტი დაიღუპა ვირუსის გამო. მე გამიმართლა... მადლიერი ვარ და გთხოვთ, გაიკეთეთ ეს ოხერი პირბადე, დაიბანეთ ხელები და დაიცავით სოციალური დისტანცია. ვირუსს დავამარცხებთ, ოღონდ მხოლოდ მაშინ, თუ წესებს ერთად დავიცავთ", — დაწერა კრენსტონმა ვიდეოს აღწერაში.