გიორგი რურუას საქმესთან დაკავშირებით 20 ოპოზიციური პოლიტიკური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. მათი თქმით, გიორგი რურუას გათავისუფლება და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების დაუშვებლობა, 8 მარტის შეთანხმების საკვანძო ნაწილია.

"გიორგი რურუასთვის 4-წლიანი პატიმრობის მისჯა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც მაგალითია, თუ რამდენად მორჩილია სასამართლო პოლიტიკური ხელისუფლების დაკვეთების წინაშე. ბიძინა ივანიშვილს ჯერჯერობით არ აქვს ქართული და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებები შესრულებული", — აცხადებენ პარტიები.

მათი განმარტებით, რურუას საქმე მხოლოდ ერთ ადამიანს არ ეხება, მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი ადამიანის პოლიტიკური დაკვეთით დაპატიმრება უკვე სერიოზული პრობლემაა.

"ყალბი მტკიცებულებებით რურუას საპატიმროში დატოვება, წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ კლიმატს განსაზღვრავს. გიორგი რურუას გათავისუფლება ქვეყნისთვის რთული საარჩევნო კამპანიის ნაკლები რისკით გავლის შესაძლებლობას ქმნის.

ასე ხედავს ამას როგორც საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი ასევე საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები. სამართლიანი, პოლიტიკური მიკერძოებისგან თავისუფალი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემის შექმნა საქართველოს უახლესო ისტორიის მთავარი გამოწვევაა. დემოკრატიული ოპოზიციის მიზანი, ივანიშვილის არჩევნებში მშვიდობიანად დამარცხების შემდეგ, სწორედ ასეთი მართლმსაჯულების სისტემის შექმნა იქნება", — ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ოპოზიციური პარტიები აქვეყნებენ.

  • ევროპული საქართველო;
  • ლეიბორისტული პარტია;
  • გამარჯვებული საქართველო;
  • ევროპული დემოკრატები;
  • მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის;
  • ემსახურე საქართველოს;
  • რესპუბლიკური პარტია;
  • კანონი და სამართალი;
  • სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის;
  • ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა;
  • ახალი საქართველო;
  • თავისუფალი დემოკრატები;
  • სამართლიანობისთვის;
  • ქრისტიან კონსერვატიული პარტია;
  • საქართველო ლიდერებს შორის;
  • საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება;
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
  • ლელო;
  • ეროვნულ დემოკრატიული პარტია;
  • ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი;

მთავარი არხის მეწილეს, გიორგი რურუას სასამართლომ 4 წელი მიუსაჯა. რურუა ერთ-ერთია იმათგან, ვის გათავისუფლებასაც ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში ითხოვდა. უწყება მას იარაღის უკანონო ტარებას ედავებოდა, მისი ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ამტკიცებს, რომ რურუა თავად არის დანაშაულის მსხვერპლი და იარაღი ჩაუდეს.

მოგვიანებით პროკურატურამ გიორგი რურუას ბრალი დაუმძიმა. პროკურატურის განცხადებით, ბრალს დაემატება ახალი მუხლი სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობისა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლის შესახებ.