სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, სენატორ ჯიმ რიშის განცხადებით, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მთავარი არხის მეწილე გიორგი რურუა უნდა შეიწყალოს. ამერიკის ხმასთან სენატორი აცხადებს, რომ რურუას "ფიქტიურ ბრალდებებზე" გამოტანილი განაჩენის გამო შეშფოთებულია და სასამართლო სსიტემა არ უნდა იქნას გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის.

"არჩევნების მოახლობასთან ერთად, პოლიტიკური კლიმატის პოლარიზების შემცირების ინტერესიდან გამომდინარე, როგორც გიორგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევებში გააკეთა, სალომე ზურაბიშვილმა ასევე უნდა შეიწყალოს ბატონი რურუა.

მე ძალიან მახარებს ის, რომ საქართველოს საარჩევნო სისტემაში საჭირო ცვლილებები შეტანილ იქნა და მოველი რომ ოქტომბერში თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ვიხილავ. თუმცა, არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი მხოლოდ იმ შემთხვეევაში იქნება, თუ პოლიტიკურ პარტიებს ექნებათ საშუალება თავისუფლად იმოქმედონ, პოლიტიკური დევნის შიშის გარეშე", — აცხადებს სენატორი.

რურუას სასამართლომ 4 წელი მიუსაჯა. მისი ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სისტემის ნდობა არ აქვთ, განაჩენს სააპელაციო სასამართლოში მაინც გაასაჩივრებენ.

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს. მისი უფლებადამცველი და პარტნიორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ გიორგი რურუას იარაღი ჩაუდეს. დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ იარაღი მას საერთოდ არ უნახავს.

მოგვიანებით პროკურატურამ გიორგი რურუას ბრალი დაუმძიმა. პროკურატურის განცხადებით, ბრალს დაემატება ახალი მუხლი სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობისა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლის შესახებ. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ გიორგი რურუამ უარი განაცხადა სასამართლოს განჩინების მიხედვით დნმ-სა და ხელის კვლევების ნიმუშის აღების თაობაზე. მიმდინარე წლის 15 იანვარს კი გამომძიებელმა განაცხადა, რომ რურუასგან დნმ-ის ნიმუში ნებაყოფლობით აიღეს. იგი ორივე მუხლით დამნაშავედ სცნეს.