"საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში თანამშრომელთა დევნა და შევიწროება გრძელდება", — ასე ეხმაურება კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის მაუწყებიდან 3 თანამშრომლის გათავისუფლებას. კოალიციაში უკიდურესად კრიტიკულად აფასებენ მიმდინარე პროცესებს და აცხადებენ, რომ ეს ეწინააღმდეგება თავისუფლების თანამედროვე სტანდარტს.

"შეიცავს ადამიანის უფლებათა დარღვევის საგანგაშო ნიშნებს. მენეჯმენტის მიერ მიღებული ზომები არაჰუმანურია, თავისუფალი ადამიანების დასჯის ინსტრუმენტს წარმოადგენს და არ შეიძლება დარჩეს სათანადო ყურადღების გარეშე", — აცხადებენ კოალიციაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან კიდევ 3 ჟურნალისტი გაათავისუფლეს, რასაც საპროტესტო აქცია მოყვა. მაუწყებლის ინფორმაციით, დირექტორის ბრძანებაში წერია, რომ ბაჩო გურაბანიძე, გიორგი მურვანიძე და გუგა ქადიძე ერთი თვის წინ მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო გაათავისუფლეს, რომელზეც მოკვლევაც ახლა დასრულდა.

თუმცა გათავისუფლები თანამშრომლები აცხადებენ, რომ მათი გათავისუფლების რეალური მიზეზი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის მათდამი დამოკიდებულებაა, რადგან მის საწინააღმდეგო და საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ.

"ეს არის უსუსური მიზეზი. ფაქტი, რომელიც ბევრჯერ მომხდარა მაუწყებელში და კიდევ ბევრჯერ მოხდება მაუწყებელში. რაღაცა შეხლა-შემოხლა მეგობრებს შორის, ეს იყო საფუძველი რის გამოც გაგვათავისუფლეს. თუმცა ამას მე დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, საფუძველი გათავისუფლების იყო სხვა. ეს ადამიანი ზოგადად ვერ იტანს განსხვავებული აზრის მქონე თანამშრომლებს, ებრძვის ალტერნატიულ პროფკავშირებს", — განაცხადა ბაჩო გურაბანიძემ.

გათავისუფლებული არიან, ალტერნატიული პროფკავშირის დამფუძნებლები — შემოქმედებითი სამსახურის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი და გადაცემა ჰეშთეგის ავტორი გიორგი მურვანიძე, შემოქმედებითი სამსახურის დილის გადაცემის დილის ტალღის ხელმძღვანელი ბაჩო გურაბანიძე და მემონტაჟე გუგა ქადიძე.

მას შემდეგ, რაც მაუწყებლის დირექტორად ქართული ოცნების კვოტით არჩეული გიორგი კოხრეიძე დაინიშნა, არაერთი თანამშრომელი გაათავისუფლეს. მათი უმეტესობა სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევაზე საუბრობდა და აცახდებდა, რომ კოხრეიძე განსხვავებული აზრის გამო ითხოვდა მათ სამსახურიდან.