"[წერილის] მთავარი შემოქმედი არის ადამიანი, რომელიც ცნობილია, როგორც ლობისტური საქმიანობით დაკავებული ფრონტერას მხრიდან და მას ოფიციალურად ფულს უხდიან", — ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა კონგრესმენების წერილს. კუჭავას თქმით, ეს წერილი დაიწერა მანამ, სანამ სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და პრემიერის სატელეფონო საუბარი შედგებოდა.

მისივე განცხადებით, იქ ნახსენები კონკრეტული ფაქტები "სიცრუეზე" მეტყველებს. მათ შორის, საუბარი განუხორციელებელ საარჩევნო რეფორმაზე.

"ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს რეფორმა ჩვენ განვახორციელეთ. შედგა შეთანხმება, იყო კონსენსუსი, მას ოპოზიციამ არ დაუჭირა მხარი და ქართული ოცნებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების ძალისმხევით, ჩვენ ეს მაინც მივიღეთ. მივიღეთ ასევე საარჩევნო რეფორმა, რომელიც ჩვენზე რეკომენდირებული იყო ეუთო/ოდირის მიერ და დღეს თავიდან წერს წერილს, რომ საარჩევნო რეფორმა არ არის განხორციელებული. რა თქმა უნდა, ეს ტყუილია", — განაცხადა კუჭავამ რუსთავი 2-ის ეთერში.

მისივე თქმით, წერილში თავიდან ამის ხსენება, პირველ რიგში, სახელმწიფო მდივნის წინაშე ფაქტების დისკრედიტაციას ემსახურება.

"პირიქით, ჩვენ სახელმწიფო მდივნისგან მივიღეთ შექება განხორციელებულ რეფორმებზე და იქ მოლოდინებზე იყო საუბარი, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს ძალიან დამოუკიდებელ, თავისუფალ გარემოში", — განაცხადა კახა კუჭავამ.

წერილს ხელს ექვსი კონგრესმენი: მარკვეინ მალინი, ჯოდი არინგტონი, ბილ ფლორესი, ვილ ჰარდი, ბრაიანი ბაბინი და რენდი ვებერი აწერს. მათ საქართველოში დემოკრატიული მმართველობის გაუარესებაზე ისაუბრეს და ბიძინა ივანიშვილს რუს ოლიგარქად მოიხსენიეს.

"როგორც იცით, 1991 წლის დამოუკიდებლობის დღიდან საქართველომ დიდი ნაბიჯები გადადგა ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ურთიერთობების ტრანსფორმაციისკენ, იმისათვის, რომ უზრუნველეყო საერთაშორისო სავაჭრო პარტნიორებთან ბაზარზე წვდომა, თავდაცვითი ურთიერთობები, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისი ქართული ოცნების პარტია 2012 წელს ძალაუფლებაში მოვიდა, ქვეყანა პროგრესს ჩამორჩა", — ვკითხულობთ წერილში.

ამავე წერილში, კონგრესმენები მიმართავენ მაიკ პომპეოს შემდეგ საკითხებზე გაამახვილოს ყურადღება:

  1. "საქართველოს ახლანდელი მთავრობა, რომელსაც უძღვება ქართული ოცნება, არის რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მანიპულაციის ქვეშ, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ამერიკული ბიზნესები, რომლებიც ათწლეულია ამერიკულ და ქართულ ეკონომიკაში კონტრიბუციას დებენ, ქვეყნიდან გააძევოს. ეს ხდება რუსეთიდან ჩინეთიდან და ირანიდან შემოსული მზარდი კერძო სექტორის სასიკეთოდ;
  2. საქართველოში შავი ზღვის პორტებთან დაკავშირებული აქტივობები საფრთხეს უქმნის ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების კრიტიკულად მნიშვნელოვან ინტერესებს, მათ შორის: ა) შავი ზღვის პორტებიდან ამერიკული კომპანიების ინვესტიციების/მფლობელობის გამოდევნა, მაშინ როცა ამ უკანასკნელების მიზანი საქართველოს ჩინეთისა და რუსეთის გავლენებისგან დაცვა იყო; ბ) ირანისა და რუსეთის წინააღმდეგ დაკისრებული სანქციების არასაკმარისად შესრულება, განსაკუთრებით და კონკრეტულად იმ კონტექსტში, როცა საქმე ეხება საზღვაო პორტის აქტივობებსა და მასთან დაკავშირებული კერძო სექტორის ინვესტიციებს.
  3. ის ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტს ჯერ კიდევ არ მიუღია აუცილებელი საარჩევნო რეფორმის კანონი, რომელიც გადამწყვეტია 2020 წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩვენების გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარებისთვის".

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კონგრესმენები ქართული ოცნების ხელისუფლებასა და მათ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებენ. კრიტიკის პასუხად მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები განვითარების უმაღლეს ეტაპზეა და ქვეყანას აშშ-ის ხელისუფლების სრული მხარდაჭერა აქვს. "ოცნების" დეპუტატების ნაწილი ამბობს იმასაც, რომ ზოგიერთი კონგრესმენი მიკერძოებულია და სხვადასხვა კომპანიის, მათ შორის ფრონტერას ინტერესებს ატარებს.

ამავე თემაზე: