მაღალი ტემპერატურისა და და მომწამვლელი ატმოსფეროს გამო ვენერა უკიდურესად მკაცრპირობებიანი ადგილია. ხომალდმა, რომელმაც პლანეტის ზედაპირზე ყველაზე დიდი დრო დაჰყო — სულ რაღაც 50 წუთი — საბჭოთა კავშირის Vega 2 იყო, რომელიც 1985 წელს გაეშვა.

სწორედ ამიტომ NASA-მ ახალი პროექტი წარადგინა — "ჯოჯოხეთის შეცნობა", რომელიც ვენერას შესწავლას ისახავს მიზნად. საინტერესოა, შეძლებენ თუ არა ინჟინრები ისეთი რობოტის შექმნას, რომელიც მსგავს პირობებს გაუმკლავდება და ჩვენთვის უცნობ სამყაროს შეისწავლის?

82 ქვეყნიდან გაგზავნილი 750 იდეიდან NASA-მ გამარჯვებულები გამოაცხადა. მთავარი პრიზი კი, რომელიც 15 ათას დოლარს ითვალისწინებს, ეგვიპტელ იუსეფ გალს გადასცა. მის მიერ შემუშავებულ დიზაინში როვერს, სახელად Venus Feelers, მასიური ქარის წისქვილი აქვს და იგი ისეა შემუშავებული, რომ ცხელი პლანეტის ზედაპირზე ცოცვით იმოძრაოს.

სხვა დიზაინები, რომლებსაც ისეთი საი-ფაი სახელები აქვთ, როგორიცაა "ორმაგი რვაფეხა" (The Double Octopus) და "დემონი ცეცხლის სენსორი" (DEMoN Fire Sensor), ძალიან კომპლექსურებია და მიზნის შესრულებას შემოქმედებითი გზებით სახავენ. ზოგიერთს წინა ბამპერზე ნიჩბის მსგავსი აღჭურვილობა აქვს, ზოგს — მასიური, ბადით დაფარული ბორბლები. ერთ-ერთ დიზაინს კი "თვალებიც" აქვს.

"საზოგადოების მხრიდან გამოხმაურება საოცარი იყო და იმაზე ბევრად კარგი შედეგები მივიღეთ, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი. იმდენი საოცარი იდეა და კარგად ჩამოყალიბებული კონცეფცია იყო წარმოდგენილი, რომ პირვლი, მეორე და მესამე ადგილის გარდა გადავწყვიტეთ, ორი დამატებითი ფინალისტი და კიდევ 10 დასაფასებელი პროექტის ნომინაცია დაგვემატებინა, რათა მსგავსი არაჩვეულებრივი ადამიანები პროექტში ჩაგვერთო", — განაცხადა NASA-ს რეაქტიული ძრავების ლაბორატორიის ვენერას პროექტის მენეჯერმა, ჯონათან საუდერმა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სააგენტომ დახმარება ხალხს სთხოვა. ივნისში, მათ მთვარის ტუალეტის დიზაინის კონკურსი გამოაცხადეს, რომელშიც საკუთარი იდეის წარდგენა ჯერ კიდევ შესაძლებელია.