ყოველდღიური რუტინა ადამიანთა უმეტესობისთვის ტვირთია. ერთი სული გვაქვს, მალე გავიდეს დღე, რათა დამღლელი, არასასურველი ამოცანები მოვიშოროთ და მეორე დილამდე დავისვენოთ. მართლაც, თუ ყოველდღიურ მოვალეობებს დაუძლეველ ბარიერად აღვიქვამთ, დღის ბოლოს განტვირთვა ბევრად რთულ ამოცანად გვექცევა ხოლმე.

ყველას გვიწევს გარკვეული პასუხისმგებლობების აღება და მომაბეზრებელი საქმეების შესრულება, მაგრამ საინტერესოა, ოდესმე თუ გიფიქრიათ, რომ ისეთი რუტინული ქმედებები, როგორიც საწოლის გასწორება, სახლის დალაგება ან კვირის გეგმების ორგანიზებაა, შეიძლება თქვენს სასარგებლოდ მუშაობდეს?

მთავარია იმ გზის პოვნა, რომელიც მოვალეობებს ჩვევებად აქცევს, შედეგად ტვირთად ქცეული რუტინაც შემსუბუქდება, რაც თქვენს მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც დადებითად აისახება. ამ სტატიაში 15 ყველასთვის კარგად ნაცნობი ყოველდღიური აქტივობის დადებით გავლენაზე მოგიყვებით.

1. საწოლის გასწორება

ფოტო: Vy Tat / Dribbble

გაღვიძებისას ერთ-ერთი პირველი ფიქრი, რომელიც გონებაში გაგვიელვებს ესაა — გავასწოროთ თუ არა საწოლი? ხშირ შემთხვევაში ამ შეკითხვას უარყოფით პასუხს ვცემთ და საწოლსაც არცთუ სახარბიელო ვითარებაში ვტოვებთ. სინამდვილეში, ამ მარტივ ამოცანაზე დახარჯული 1 წუთი ხშირად მთელ დღეს განსაზღვრავს ხოლმე, რადგან დილიდან გვიქმნის ორგანიზების შეგრძნებას და დღეც ბევრად უფრო ჰარმონიულად იწყება. შედეგად, ადამიანი საღამომდე შესასრულებელი გეგმების სწორად გადანაწილებასაც უკეთ ახერხებს.

2. წყლის საჭირო ოდენობით მიღება

ფოტო: Eloi Raharinosy / Dribbble

წყალი ენერგიის მნიშვნელოვანი რესურსია, რაც დღის განმავლობაში სიმსუბუქის შეგრძნებას შეგინარჩუნებთ და საჭირო ენერგიით უზრუნველგყოფთ.

დილის ერთი ჭიქა წყლით დაწყებას ორგანიზმზე გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს და ყოველდღიურად გადასაჭრელ ამოცანებთან უკეთ გამკლავებაში გეხმარებათ.

სახლიდან გასვლისას კი სჯობს, წყალი მრავალჯერადი ბოთლით გაიყოლოთ, ამ გზით ეკოლოგიაზეც იზრუნებთ და მთელი დღის განმავლობაში საჭირო სითხის ოდენობითაც აღიჭურვებით.

3. მსუბუქი ვარჯიში და იოგა

ფოტო: Anna Salmi / Dribbble

რატომღაც, დროს ვერასდროს ვპოულობთ, რათა ვარჯიშს, საკუთარ თავზე ზრუნვას დრო დავუთმოთ. არადა,10-წუთიანი მსუბუქი ვარჯიშები ან მარტივი იოგას მოძრაობები გადატვირთული დღის ენერგიულად და მშვიდად დასაწყებად საუკეთესო გზაა.

10 წუთი — ეს ის დროა, რომელიც ემოციურ და ფიზიკურ კომფორტს უზრუნველყოფს და სამუშაო დღეც ნაკლებ დამღლელია. ეს საღამოს უკეთ განტვირთვაში გვეხმარება, რადგან დაქანცულ სხეულს მეტი ძალისხმევა სჭირდება მომდევნო დღისთვის ძალების აღსადგენად.

4. დღის ჯანსაღი საუზმით დაწყება

ფოტო: Jessica Lohman / Dribbble

გაღვიძებიდან სამსახურში წასვლამდე დრო გამონახეთ და სწრაფად მოსამზადებელი შვრიის მოზრდილი ულუფით დაიწყეთ დღე. დამატებით სეზონური ხილიც მიირთვით და მერწმუნეთ, ამ გზით მთელი დღის სამყოფ ენერგიას მოიმარაგებთ. თანაც, მალე იგრძნობთ როგორ გაჯანსაღდება თქვენი სხეული.

ამ ჩვევის კიდევ ერთი სარგებელი ფულის დაზოგვაა, გარეთ კვებაზე ბევრად მეტი თანხა იხარჯება, რომელიც ბევრად სარგებლიანად შეგიძლიათ გამოიყენოთ.

5. სამსახურისთვის ლანჩის მომზადება

ფოტო: Georgina Canseco / Dribbble

დილის საუზმესთან ერთად შეგიძლიათ ლანჩის მომზადებაზე იზრუნოთ, რათა ჯანსაღი საკვების მარაგი მთელი დღის განმავლობაში თან გქონდეთ. ჯანსაღი პროდუქტებით მომზადებული სენდვიჩი, რომლის მომზადებას ძალისხმევა სულაც არ სჭირდება, იდეალურად იზრუნებს თქვენს ორგანიზმზე და თვის ბიუჯეტზეც დადებითად აისახება.

6. სახლის დალაგება

ფოტო: Andy Beutler / Dribbble

კვირის განმავლობაში არეულ სახლს შაბათ-კვირას ძლივს ვუთმობთ ხოლმე დროს. ამ დროს სახლის დალაგება მეტ მოტივაციას მოითხოვს და დროსთან ერთად დიდ ენერგიას საჭიროებს.

არეული სახლი შეიძლება კომფორტის ზონადაც მიიჩნეოდეს, თუმცა თუ იმ გარემოში, სადაც დიდ დროს ვატარებთ, ქაოსია, შინაგანადაც გვიჭირს სიმშვიდის მოპოვება და პროდუქტიულობის შენარჩუნება.

ყოველდღიურად სახლის მილაგება ნაკლებ დროს მოითხოვს. შეგიძლიათ საქმე ორ ნაწილად გაყოთ — დილას გამოგავეთ, ჭურჭელი დარეცხეთ, საღამოს კი სარეცხის რეცხვაზე იზრუნეთ.

7. პირის ღრუზე ზრუნვა

ფოტო: Wevoke / Dribbble

ყოველდღიურად საკვების მიღების შემდეგ კბილების გამოხეხვა რომ აუცილებელი პროცედურაა, არავისთვის არის ახალი. თუმცა, უკეთესია, თუ ამასთან ერთად დღეში ერთხელ მაინც გამოიყენებთ დენტალურ ძაფს. კბილებს შორის დარჩენილი საკვების ნარჩენები, რომლებსაც ჯაგრისი ვერ უმკლავდება, საზიანოა პირის ღრუსთვის და დროთა განმავლობაში, შესაძლოა, ეს დიდ ფინანსურ პრობლემად გექცეთ. ასევე, აუცილებელია პერიოდულად სტომატოლოგთან ვიზიტიც, რათა პირის ღრუს სიჯანსაღე ვაკონტროლოთ.

8. სოციალურ ქსელებზე დახარჯული დროის კონტროლი

ფოტო: Aslan Almukhambetov / Dribbble

ონლაინ სივრციდან მიღებული არაერთგვაროვანი, მეტწილად აგრესიის შემცველი ინფორმაციის მიღება საზიანოა ემოციური სტაბილურობისთვის. შეიძლება მიმდინარე ამბებზე დამოუკიდებელი, ჯანსაღი აზრი გაგაჩნიათ, მაგრამ სიძულვილის შემცველი პოსტები და კომენტარები ადამიანს მაინც თრგუნავს, მიუხედავად იმისა თუ რამდენად ძლიერი ხართ.

სოციალური ქსელებიდან მიღებული, ხშირად არასაჭირო ინფორმაცია დროს გვართმევს, რომელიც სასარგებლო ქმედებებზე შეგვიძლია დავხარჯოთ — 10 წუთიანი ვარჯიში და საუზმის მომზადება ზოგჯერ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.

9. ფეხით სიარული

ფოტო: Gal Shir / Dribbble

ფეხით სიარული ორგანიზმის ტონუსში ყოფნას უწყობს ხელს, მეტი ენერგია გაქვთ და სულიერი სიმშვიდეც გარანტირებულია. უკეთესია, თუ სეირნობას თქვენი ყოველდღიურობის ნაწილად აქცევთ — ეს სტრესის მართვის და ორგანიზმის გაჯანსაღების საუკეთესო საშუალებაა. სეირნობის დროს ადამიანი უკეთ ახერხებს გეგმების დალაგებას და ამოცანების გადაჭრის გზებსაც მარტივად პოულობს.

10. დიდი დატვირთვით ვარჯიში

ფოტო: Valentin Kirilov / Dribbble

დამქანცველი ფიზიკური აქტივობა სხეული ფორმებისთვის ძალიან კარგია, თანაც, ემოციური ბალანსის მოპოვებასაც უწყობს ხელს. ინფორმაცია და ყოველდღიური გამოცდილებები, რომლებზე ფიქრსაც ჩვენი გონება ზედმეტად ბევრ დროს უთმობს, ფიზიკური დატვირთვის შედეგად ნეიტრალდება და ყოველდღიურ სტაბილურობას უზრუნველყოფს.

დაფიქრდით, იქნებ დროა, კვირაში 2-3 დღე სპორტ დარბაზში გაატაროთ და ამით თქვენს თავს აუცილებელი საწვავი რესურსი მისცეთ. შეგიძლიათ ცურვით დაკავდეთ, რომელიც გულ-სისხლძარღვთა პრობლემებს მოგიგვარებთ, სხეულის ფორმებზე დადებით გავლენას იქონიებს და მთელი დღის განმავლობაში დაგროვილ სტრესსაც მოგაშორებთ.

11.ადამიანებთან კონტაქტი

ფოტო: Ruchira / Dribbble

ყოველდღიურად ბევრი სტრესული ინფორმაცია გვიგროვდება, რომელსაც ხშირად არავის ვუზიარებთ და ვთვლით, რომ მსგავსი წვრილმანებით ადამიანების შეწუხება არ ღირს, თუმცა უმნიშვნელო დეტალების დაგროვება საბოლოოდ ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობას აუარესებს.

ამიტომ, გამონახეთ დრო მეგობრებისთვის და გაუზიარეთ მცირე წუხილებიც კი. ხოლო თუ მათთან საუბარი გიჭირთ, თერაპიას მიმართეთ და კონსულტაციისთვის კვირაში 2 საათი მაინც გამოყავით.

12. დღიურის წარმოება

ფოტო: Hamza Ouaziz / Dribbble

ყოველდღიურად ან კვირაში რამდენიმეჯერ ჩანაწერების გაკეთება, რომელშიც თქვენს განცდებს და შთაბეჭდილებებს მოუყრით თავს, ბევრ საფიქრალს მოგაშორებთ და სტრესებისგან დაგაზღვევთ.

კარგია თქვენი განრიგის დღიურის წარმოებაც, რაც მეტად ორგანიზებულს გახდის თქვენს ცხოვრებას და დაგზღვევთ სტრესისგან, ქაოსისგან, რაც ბედნიერების ხარისხზე სასიკეთოდ აისახება.

13. მომდევნო დღისთვის მომზადება

ფოტო: Folio Illustration Agency / Dribbble

მოამზადეთ მომდევნო დღის ტანსაცმელი, გადახედეთ განრიგს, ამ გზით თავიდან აირიდებთ გაუთვალისწინებელ შემთხვევებს. ახალ გაღვიძებულზე ადამიანს მეტად უჭირს არჩევანის გაკეთება, რაც მეტ დროს დაგახარჯვინებთ სწორი ტანსაცმლის შერჩევაში და დილიდანვე დაგსტრესავთ — ეს კი დღის არასწორია დასაწყისია.

გარკვეული დეტალების წინა დღეს ორგანიზება სიმშვიდეს მოგანიჭებთ, რადგან თავს დააღწევთ ფიქრს, რომ წარმოდგენა არ გაქვთ მომდევნო დღისგან რას უნდა ელოდეთ.

14. წიგნის კითხვა

ფოტო: Dumitru Ochievschi / Dribbble

დღეში ნახევარი საათის გამოყოფა, თუნდაც 20-30 გვერდის წასაკითხად აუცილებელი პროცედურაა. ასე იგრძნობთ, რომ სამსახურის პრობლემების გარდა დრო რამე სხვაზეც გრჩებათ. თანაც, სიამოვნების იმ პორციას მიიღებთ, რომელიც გაგრძნობინებთ რომ თქვენი ცხოვრება ჰარმონიულია. ძილის წინ მცირე დრო მოიტოვეთ, რათა საკუთარი თავისთვის ამ სიამოვნების მინიჭება შეძლოთ.

15. ძილის რეჟიმის კონტროლი

ფოტო: Alex Kunchevsky / Dribbble

ერთი და იმავე დროს დაძინება და გაღვიძება ორგანიზმისთვის აუცილებელია. ამ დროს მიმდინარე ბიოლოგიური პროცესები ორგანიზმის ავტომატური მეხსიერებასავით არის. როდესაც სხვადასხვა დროს ვიძინებთ ორგანიზმი ვერ ახერხებს ჩვენს მუდამ ცვლად განრიგთან ადაპტაციას, რაც დიდი სტრესია და პროცესების მოშლას იწვევს. ეს კი ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

საკუთარ თავზე ზრუნვა ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის გარანტია, რაც მოვალეობების უკეთ შესრულებაშიც გვეხმარება. FitPass ბარათით უამრავი გამაჯანსაღებელი და სპორტული ობიექტის მომსახურებით სარგებლობა შეგიძლიათ, მთავარია საკუთარ თავისთვის ძალისხმევა არ დაიშუროთ.