30 მაისს SpaceX-ის CrewDragon-ის მეშვეობით ისტორიული ფრენა განხორციელდა — NASA-ს ორი ასტრონავტი თითქმის ათწლეულის შემდეგ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ამერიკის მიწიდან გაფრინდა. ახლა კი ასტრონავტები დედამიწაზე დასაბრუნებლად არიან მზად. ისინი ფლორიდაში 2 აგვისტოს დაეშვებიან და ამით ხომალდის გამოცდაც საბოლოოდ დასრულდება.

სად დაეშვებიან ასტრონავტები?

NASA-მ და SpaceX-მა CrewDragon-ის დასაშვებად ფლორიდის სანაპიროზე 7 პოტენციური დასაშვები ადგილი მოამზადა. ესენია: პენსაკოლას, ტამპას, ტალაჰასის, პანამას სანაპიროები, ასევე კანავერალის კოცნხი, ჯექსონვილი და დეიტონა.

როგორ მოხდება დაშვების ლოკაციის შერჩევა?

დაშვების ლოკაციები განსაზღვრული პრიორიტეტების მიხედვითაა შერჩეული: პირველ რიგში, დაშვების თარიღისა და დროის მიხედვით; ასევე მნიშვნელოვანია ამინდის ცვლილებებისგან თავდასაცავად მაქსიმალურად ბევრი და გეოგრაფიულად მრავალფეროვანი ლოკაციის შერჩევაც; გასათვალისწინებელია დროის ფაქტორიც — უპირატესობა ისეთ ლოკაციას მიენიჭება, რომელსაც ხომალდის განცალკევებიდან დაშვებამდე ყველაზე ნაკლები დრო დასჭირდება.

რამდენი ხანი გაგრძელდება მოგზაურობა?

ბობ ბენკენისთვის და დაგ ჰარლისთვის მოგზაურობის დრო განცალკევებისა და დაშვების ლოკაციის ადგილის შერჩევაზეა დამოკიდებული. თუმცა, საშუალოდ, მოგზაურობას ექვსიდან 30 საათამდე დრო დასჭირდება.

რამდენად სწრაფად იმოძრავებს ხომალდი, როდესაც დედამიწის ატმოსფეროში შემოვა?

CrewDragon დაახლოებით 28 ათასი კმ/სთ-ით იმოძრავებს. ხომალდის გარეთა საფარის მაქსიმალური ტემპერატურა კი დაახლოებით 2 ათას გრადუსს მიაღწევს. ატმოსფეროში შემოსვლისას ხომალდსა და დედამიწას შორის კომუნიკაცია დროებით გაწყდება, რაც დიდი ალბათობით 6 წუთი გაგრძელდება.

როდის გაიხსნება პარაშუტები?

Dragon-ს პარაშუტების ორი კომპლექტი აქვს, რომლებიც დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლისას გაიხსნებიან, რათა დაშვების პროცესი შეანელონ. ორი მუხრუჭიანი პარაშუტი დაახლოებით 5 ათას მეტრ სიმაღლეზე გაიშლება, როდესაც ხომალდი დაახლოებით 550 კმ/სთ-ით იმოძრავებს. ოთხი მთავარი პარაშუტი კი 2 ათასი მეტრ სიმაღლეზე გაიშლება, როდესაც ხომალდი დაახლოებით 200 კმ/სთ-ით იმოძრავებს.

ვინ ამოიყვანს წყლიდან ხომალდსა და ეკიპაჟს?

დაშვების შვიდივე პოტენციურ ლოკაციაზე SpaceX-ის პერსონალი იქნება მობილიზებული, რათა კაფსულა წყლიდან ამოიყვანონ. ორი გემი, Go Searcher და Go Navigator მექსიკის ყურესა და ფლორიდის სანაპიროებს შორის ლოკაციებს გაიყოფენ. თითოეულ გემზე SpaceX-დან და NASA-დან 40-ზე მეტი ადამიანისგან შემდგარი პერსონალი იქნება განთავსებული. პერსონალი ხომალდის ინჟინრებისგან, სამედიცინო წარმომადგენლებისგან, გემის ეკიპაჟისგან, NASA-ს ტვირთის ექსპერტებისგან და კიდევ სხვა დამხმარეებისგან შედგება.

დაშვებიდან რამდენ ხანში ამოიყვანენ ასტრონავტებს კაფსულიდან?

ფოტო: NASA

როგორც კი Dragon დაეშვება, სამაშველო ნავები ხომალდისკენ გაეშურებიან. პირველი ნავი კაფსულის დაზიანებებს შეამოწმებს. როდესაც დარწმუნდებიან, რომ ყველაფერი წესრიგშია, პერსონალი ხომალდის სმომზადებას დაიწყებს, რათა ის გემზე მოათავსონ. მეორე ნავი პარაშუტების წყლიდან ამოღებაზეა პასუხისმგებელი, რომლებიც იმ დროისთვის კაფსულისგან განცალკევებულები და წყალში მოტივტივეები იქნებიან.

გემზე მოთავსების შემდეგ ის სტაბილურ ლოკაციაზე გადაინაცვლებს და სამედიცინო პერსონალს დაელოდება, რათა კაფსულა გახსნან და ასტრონავტებს პირველადი შემოწმებები ჩაუტარონ. ეს პროცესი დაახლოებით 45-60 წუთი გაგრძელდება და ზუსტი დრო დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მდგომარეობაში იქნება ხომალდი.

სად წავლენ ასტრონავტები კაფსულიდან ამოსვლის შემდეგ?

კაფსულიდან გადმოსვლის შემდეგ ასტრონავტები სამედიცინო განყოფილებაში გადაინაცვლებენ. პირველადი შემოწმებების შემდეგ ბენკენი და ჰარლი სანაპიროზე გადაინაცვლებენ. სანაპიროზე გადასვლის დრო დაშვების ადგილზეა დამოკიდებული და 10-80 წუთის შუალედში მერყეობს. სანაპიროზე დაბრუნების შემდეგ ასტრონავტები NASA-ს შვეულმფრენის მეშვეობით სახლებისკენ გაეშურებიან.

რა მოხდება შემდეგ?

შემდეგ CrewDragon ფლორიდაში დაბრუნდება, სადაც მას შემოწმებები ჩაუტარდება. გუნდი მას მთლიანად გამოიკვლევს, ამას კი დაახლოებით 6 კვირა დასჭირდება. წარმატების შემთხვევაში CrewDragon-ის პირველი ოპერაციული მისია მაიკლ ჰოპკინსის ხელმძღვანელობით გაეშვება. მასთან ერთად პილოტი ვიქტორ გლოვერი, შენონ ვოლკერი და JAXA-ს სპეციალისტი სოიჩი ნუგოჩი იქნებიან. ეკიპაჟი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 6 თვეს გაატარებს.