ბაქტერიების ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობა კაცობრიობისთვის სერიოზულ პრობლემადაა ქცეული. ბევრი ბაქტერიული პათოგენი დროთა განმავლობაში ინფექციის ყველაზე გავრცელებული საკმურნალო საშუალებისადმი რეზისტენტულობას იძენს.

ამის გათვალისწინებით, ერთიორად საინტერესოა, რომ ათასი წლის წინანდელი პრეპარატი, რომელიც ბაქტერიულ ინფექციებთან საბრძოლველად გამოიყენებოდა, მსგავს, რეზისტენტობაგამომუშავებულ ბაქტერიებთან საბრძოლველად კვლავ ეფექტიანია.

ამ უჩვეულო პრეპარატის შესახებ მკვლევრებმა ერთ-ერთი უძველესი — დაახლოებით, მეცხრე საუკუნის სამედიცინო წიგნიდან, Bald's Leechbook, გაიგეს. წიგნი გამორჩეული იმითაცაა, რომ ის უჩვეულო "პრობლემების" უჩვეულო გადაჭრის ხერხებს გვთავაზობს. მაგალითად, აღნიშნულია სპეციალური ნაყენის რეცეპტი, რომელიც ადამიანებს გობლინებისგან იცავს.

თუმცა, ახალი კვლევის მიხედვით, ერთ-ერთი პრეპარატი, რომლის ინგრედიენტებიცაა ხახვი, ნიორი, ძროხის ნაღველი და ღვინო, ძლიერ ანტისეპტიკურ თვისებებს შეიცავს. მეტიც, როგორც ირკვევა, ეს ანტისეპტიკური ხსნარი რამდენიმე ანტიბიოტიკრეზისტენტული ბაქტერიის წინააღმდეგაც მუშაობს. ამასთანავე, "ბალდის სითხე", როგორც ჩანს, ბიოფილმებსაც ანადგურებს.

ბიოფილმი ბაქტერიების გამკვირვებულ კულტურას ეწოდება, რომელიც მიკროორგანიზმების მჭიდრო კავშირს წარმოადგენს და ქსოვილის ზედაპირებს ეკრობა. კვლევაში Staphylococcus aureus-ია განხილული, რომელსაც ზემოხსენებული ბიოფილმის წარმოქმნის უნარი აქვს.

იშვიათ შემთხვევაში სხეულში ისეთი მკვრივი ბიოფილმები წარმოიქმნება, რომ ინფექციის ადგილი ამპუტაციას საჭიროებს. ძველინგლისურ სამედიცინო სახელმძღვანელოში აღწერილი სამკურნალო საშუალება, ბალდის სითხე ზემოხსენებული სტაფილოკოკის ბიოფილმს ანადგურებს.

ამას გარდა, ეს უჩვეულო პრეაპარატი ეფექტიანია Acinetobacter baumanii-ის, Stenotrophomonas maltophilia-ს და S.epidermidis-ის წინააღმდეგ. ეს ბაქტერიები ჭრილობებში ჩნდება ხოლმე და მყარ ბიოფილმებს წარმოქმნის.

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ სითხის ცალკეული ინგრედიენტები მაღალი ანტისეპტიკურობით არ გამოირჩევიან, თუმცა ყველა კომპონენტის გაზავებისას ეფექტი შთამბეჭდავია. მეცნიერები იმასაც ამბობენ, რომ ეს უძველესი ხსნარი, სავარაუდოდ, ჯანმრთელ უჯრედებს არ აზიანებს, თუმცა ამის დაზუსტებით დასადგენად დამატებითი კვლევებია საჭირო.