კონგრესმენები თავის მორიგ წერილში ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად მოიხსენიებენ, თუმცა ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს ასე არ მიაჩნია.

"რასაც ვიცნობ მე ამ წერილს, მსგავსი შინაარსი მე მასში არ ამომიკითხავს... არა, ოლიგარქად ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებული არ არის", — აცხადებს მინისტრი.

პომპეოსადმი გაგზავნილ წერილში კონგრესმენები ბიძინა ივანიშვილს რუს ოლიგარქად მოიხსენიებენ და ამბობენ, რომ მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოში პროგრესმა უკან დაიხია.

"ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად არ არის ოლიგარქი, ის, პირიქით, საქართველოში არის გარანტი დემოკრატიის განვითარების", — ამბობს ტიკარაძე.

საქართველოში დემოკრატიული მმართველობის გაუარესებასთან დაკავშირებით ამერიკელმა კონგრესმენებმა სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს მორიგი წერილით მიმართეს. 27 ივლისით დათარიღებულ წერილს ამჯერად ექვსი კონგრესმენი — მარკვეინ მალინი, ჯოდი არინგტონი, ბილ ფლორესი, ვილ ჰარდი, ბრაიანი ბაბინი და რენდი ვებერი აწერენ ხელს.

"როგორც იცით, 1991 წლის დამოუკიდებლობის დღიდან საქართველომ დიდი ნაბიჯები გადადგა ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ურთიერთობების ტრანსფორმაციისკენ, იმისათვის, რომ უზრუნველეყო საერთაშორისო სავაჭრო პარტნიორებთან ბაზარზე წვდომა, თავდაცვითი ურთიერთობები, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისი ქართული ოცნების პარტია 2012 წელს ძალაუფლებაში მოვიდა, ქვეყანა პროგრესს ჩამორჩა", — ვკითხულობთ წერილში.

ამავე წერილში, კონგრესმენები მიმართავენ მაიკ პომპეოს შემდეგ საკითხებზე გაამახვილოს ყურადღება:

  1. "საქართველოს ახლანდელი მთავრობა, რომელსაც უძღვება ქართული ოცნება, არის რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მანიპულაციის ქვეშ, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ამერიკული ბიზნესები, რომლებიც ათწლეულია ამერიკულ და ქართულ ეკონომიკაში კონტრიბუციას დებენ, ქვეყნიდან გააძევოს. ეს ხდება რუსეთიდან ჩინეთიდან და ირანიდან შემოსული მზარდი კერძო სექტორის სასიკეთოდ;
  2. საქართველოში შავი ზღვის პორტებთან დაკავშირებული აქტივობები საფრთხეს უქმნის ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების კრიტიკულად მნიშვნელოვან ინტერესებს, მათ შორის: ა) შავი ზღვის პორტებიდან ამერიკული კომპანიების ინვესტიციების/მფლობელობის გამოდევნა, მაშინ როცა ამ უკანასკნელების მიზანი საქართველოს ჩინეთისა და რუსეთის გავლენებისგან დაცვა იყო; ბ) ირანისა და რუსეთის წინააღმდეგ დაკისრებული სანქციების არასაკმარისად შესრულება, განსაკუთრებით და კონკრეტულად იმ კონტექსტში, როცა საქმე ეხება საზღვაო პორტის აქტივობებსა და მასთან დაკავშირებული კერძო სექტორის ინვესტიციებს.
  3. ის ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტს ჯერ კიდევ არ მიუღია აუცილებელი საარჩევნო რეფორმის კანონი, რომელიც გადამწყვეტია 2020 წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩვენების გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარებისთვის".

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კონგრესმენები ქართული ოცნების ხელისუფლებასა და მათ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებენ. კრიტიკის პასუხად მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები განვითარების უმაღლეს ეტაპზეა და ქვეყანას აშშ-ის ხელისუფლების სრული მხარდაჭერა აქვს. "ოცნების" დეპუტატების ნაწილი ამბობს იმასაც, რომ ზოგიერთი კონგრესმენი მიკერძოებულია და სხვადასხვა კომპანიის, მათ შორის ფრონტერას ინტერესებს ატარებს.