ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გიორგი რურუა შეიწყალოს. ამის შესახებ მან ტვიტერზე დაწერა.

"საქართველოს ბევრი მეგობარი მედიის მფლობელის, გიორგი რურუას დაკავებასა და ახლა უკვე მის განაჩენს პოლიტიკურად მიიჩნევს. მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, თავისი უფლებამოსილება გამოიყენოს ისე, როგორც იმ სხვა პირების შემთხვევაში, რომელთა საქმეც 8 მარტის შეთანხმების ნაწილი იყო. ეს წინასაარჩევნო კლიმატს გააუმჯობესებს", — წერს ევროპარლამენტარი.

თავისი ტვიტში ანა ფოტიგა გულისხმობს ოპოზიციონერებს, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც პრეზიდენტმა შეიწყალა.

მთავარი არხის მეწილეს, გიორგი რურუას სასამართლომ 4 წელი მიუსაჯა.

რურუას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სისტემის ნდობა არ აქვთ, განაჩენს სააპელაციო სასამართლოში მაინც გაასაჩივრებენ.

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს. მისი უფლებადამცველი და პარტნიორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ გიორგი რურუას იარაღი ჩაუდეს. დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ იარაღი მას საერთოდ არ უნახავს.

მოგვიანებით პროკურატურამ გიორგი რურუას ბრალი დაუმძიმა. პროკურატურის განცხადებით, ბრალს დაემატება ახალი მუხლი სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობისა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლის შესახებ. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ გიორგი რურუამ უარი განაცხადა სასამართლოს განჩინების მიხედვით დნმ-სა და ხელის კვლევების ნიმუშის აღების თაობაზე. მიმდინარე წლის 15 იანვარს კი გამომძიებელმა განაცხადა, რომ რურუასგან დნმ-ის ნიმუში ნებაყოფლობით აიღეს. იგი ორივე მუხლით დამნაშავედ სცნეს.