"დღევანდელი ხელისუფლება რუსეთის ინტერესებს ემსახურება", — ასე ეხმაურება ლელო საქართველოსთვის გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე ამერიკის ექვსი კონგრესმენის წერილს, რომელიც მათ მაიკ პომპეოს გაუგზავნეს. პომპეოსადმი გაგზავნილ წერილში კონგრესმენები ბიძინა ივანიშვილს რუს ოლიგარქად მოიხსენიებენ და ამბობენ, რომ მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოში პროგრესმა უკან დაიხია.

ჯაფარიძის თქმით, ექვსი კონგრესმენის წერილი არის მნიშვნელოვანი, რადგან ისინი რეალურად აფასებენ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას და ხაზს უსვამენ რუსი ოლიგარქის მიერ ქვეყნიდან დასავლური ინვესტიციები განდევნას.

"დღევანდელი ხელისუფლება და რუსი ოლიგარქი ემსახურება არა ქართულ და ამერიკულ ინტერესებს, არამედ ჩვენი მეზობელი ქვეყნის რუსეთის ინტერესებს, როდესაც ის სდევნის ქვეყნიდან ამერიკულ ინვესტიციებს, როდესაც ის სდევნის ოპონენტებს და ამისთვის იყენებს ტიპიურ ოლიგარქიულ მეთოდებს. ეს ოქტომბერში უნდა დასრულდეს.

კონგრესმენების შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება მიმართულია საქართველოს ინტერესების და ამერიკულ-ქართული ინტერესების წინააღმდეგ. დღევანდელი ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებით, იდევნება აშშ-ს ინტერესები შავი ზღვიდან და ჩერდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის უმნიშვნელოვანესი პროექტი. ჩვენი მეგობრების, სტრატეგიული პარტნიორების მიერ გამოხატული წუხილი არის იმისკენ მიმართული რომ საქართველოში აღარ გაგრძელდეს რუსი ოლიგარქიული მმართველობა და ქვეყანა დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების გზას ოქტომბერში", — აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

საქართველოში დემოკრატიული მმართველობის გაუარესებასთან დაკავშირებით ამერიკელმა კონგრესმენებმა სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს მორიგი წერილით მიმართესნ. ამჯერად მას ექვსი კონგრესმენი — მარკვეინ მალინი, ჯოდი არინგტონი, ბილ ფლორესი, ვილ ჰარდი, ბრაიანი ბაბინი და რენდი ვებერი აწერენ ხელს.

"როგორც იცით, 1991 წლის დამოუკიდებლობის დღიდან საქართველომ დიდი ნაბიჯები გადადგა ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ურთიერთობების ტრანსფორმაციისკენ, იმისათვის, რომ უზრუნველეყო საერთაშორისო სავაჭრო პარტნიორებთან ბაზარზე წვდომა, თავდაცვითი ურთიერთობები, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისი ქართული ოცნების პარტია 2012 წელს ძალაუფლებაში მოვიდა, ქვეყანა პროგრესს ჩამორჩა", — ვკითხულობთ წერილში.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კონგრესმენები ქართული ოცნების ხელისუფლებასა და მათ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებენ. კრიტიკის პასუხად მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები განვითარების უმაღლეს ეტაპზეა და ქვეყანას აშშ-ის ხელისუფლების სრული მხარდაჭერა აქვს. "ოცნების" დეპუტატების ნაწილი ამბობს იმასაც, რომ ზოგიერთი კონგრესმენი მიკერძოებულია და სხვადასხვა კომპანიის, მათ შორის ფრონტერას ინტერესებს ატარებს.