ევროპული საქართველოს ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ სასამართლოს გადაწყვეტილებას გიორგი რურუას საქმეზე "ღიად და უტიფრად შესრულებული პოლიტიკური დაკვეთა" უწოდა. მისი თქმით, ყოველ პროცესზე მტკიცდებოდა ზუსტად იმის საპირისპირო, რაზეც განაჩენი გამოიტანეს.

"მტკიცდებოდა, რომ გიორგი რურუას ნამდვილად ჩაუდეს იარაღი, რომ ეს ნამდვილად იყო სპეცოპერაცია პოლიტიკური ნიშნით მისი დევნის“ — განაცხადა ხოშტარიამ.

მისივე თქმით, პომპეო გახარიას სასამართლოს პოლიტიკური ნიშნით გამოყენებაზე ესაუბრებოდა, რაც ნიშნავს, რომ არსებობს სრული კონსენსუსი — "ამ ქვეყანაში არ არსებობს თავისუფალი სასამართლო და გიორგი რურუა არის პოლიტიკური პატიმარი".

დეპუტატის განცხადებით, ქართული ოცნება რურუას პატიმრობის გამო დიდ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის.

"ფასის უკვე გადახდის პროცესში არის ივანიშვილი, რომელსაც პირდაპირ თავზე კიდია სანქციები. მე არ ვლაპარაკობ, არ ვჭორაობ, კონგრესში უკვე დარეგისტრირებულია ამ სანქციების დოკუმენტი, გარდა ამისა, პირდაპირ კონგრესმენები საუბრობენ მასზე, როგორც რუს ოლიგარქზე, ამიტომ ფასი იქნება მწარე ქართული ოცნების, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ფასი არ გადაიხადოს ქვეყანამ და გადაიხადოს იმ გუნდმა, რომელიც ამას იმსახურებს", — განაცხადა მან.

მთავარი არხის მეწილეს, გიორგი რურუას სასამართლომ 4 წელი მიუსაჯა. რურუას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სისტემის ნდობა არ აქვთ, განაჩენს სააპელაციო სასამართლოში მაინც გაასაჩივრებენ.

"ჩვენ არაერთხელ ვამბობდით, რომ რურუას საქმეზე გადაწყვეტილებას არ იღებს ვალერიან ბუგიანიშვილი. არ არის ეს მოსამართლე რომელიც შინაგანი რწმენის ან კანონის საფუძველზე ხელმძღვანელობს, ის არის უბრალოდ პოლიტიკური მითითებების შემსრულებელი მოსამართლე", — აღნიშნა საძაგლიშვილმა.

რურუა ერთ-ერთია იმათგან, ვის გათავისუფლებასაც ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში ითხოვდა. გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს. მისი უფლებადამცველი და პარტნიორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ გიორგი რურუას იარაღი ჩაუდეს. დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ იარაღი მას საერთოდ არ უნახავს.

მოგვიანებით პროკურატურამ გიორგი რურუას ბრალი დაუმძიმა. პროკურატურის განცხადებით, ბრალს დაემატება ახალი მუხლი სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობისა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლის შესახებ. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ გიორგი რურუამ უარი განაცხადა სასამართლოს განჩინების მიხედვით დნმ-სა და ხელის კვლევების ნიმუშის აღების თაობაზე. მიმდინარე წლის 15 იანვარს კი გამომძიებელმა განაცხადა, რომ რურუასგან დნმ-ის ნიმუში ნებაყოფლობით აიღეს.