"ეს სასამართლო სასამარლო არ არის, ეს არის მონსტრების კორპორაცია", — ასე შეაფასა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგი უგულავამ მთავარი არხის მეწილის, გიორგი რურუასთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა. სასამართლო სისტემის დასახასიათებლად მან გამოიყენა სხვადასხვა შეფასებები, მათ შორის შეურაცხმყოფელიც: "ავგიას თავლა", "ჩმორები", "ივანიშვილის ყმები", "ვირეშმაკები" და სხვა.

"ქართულ ოცნებას ერთადერთი რამე ჰქონდა გასაკეთებელი, როდესაც მოვიდა ხელისუფლებაში — გაეუმჯობესებინა მართლმსაჯულება. დღეს ყველა ერთად ვხედავთ, რომ ეს სასამართლო არის ცარიელი კედლები, შიგნით მოკალათებულია კორუმპირებული, ჩმორი მოსამართლეები. ეს არის მონსტრების და ჩმორების კორპორაცია.

საქართველო ვტრიალებს ერთი და იგივე წრეზე, ხელისუფლებები იცვლება და ეს მონსტრები კიდევ უფრო ძლიერდებიან და ადამიანის სისხლით ივსებიან. ამ მოსამართლეების კინწის კვრით გამოყრას ძალიან მალე ნახავს ქართველი ხალხი", — განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, სანამ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში იქნება ადამიანები სამართალს ვერ იპოვიან.

"პოლიტიკოსები მოვლენ და მივლენ, მაგერამ ეს ვირეშმაკები, რომლებიც აქ არიან დაბუდებულები, ესენი რჩებიან და თუ დროზე არ მივხედეთ, ესენი ისე გაძლიერდებიან, რომ სახელმწიფოს წაიყოლებენ", — აღნიშნულზე გიგი უგულავამ საქალაქო სასამართლოს ეზოში ისაუბრა.

მთავარი არხის მეწილეს, გიორგი რურუას სასამართლომ 4 წელი მიუსაჯა. რურუას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სისტემის ნდობა არ აქვთ, განაჩენს სააპელაციო სასამართლოში მაინც გაასაჩივრებენ.

"ჩვენ არაერთხელ ვამბობდით, რომ რურუას საქმეზე გადაწყვეტილებას არ იღებს ვალერიან ბუგიანიშვილი. არ არის ეს მოსამართლე რომელიც შინაგანი რწმენის ან კანონის საფუძველზე ხელმძღვანელობს, ის არის უბრალოდ პოლიტიკური მითითებების შემსრულებელი მოსამართლე", — აღნიშნა საძაგლიშვილმა. რურუა ერთ-ერთია იმათგან, ვის გათავისუფლებასაც ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში ითხოვდა.

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს. მისი უფლებადამცველი და პარტნიორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ გიორგი რურუას იარაღი ჩაუდეს. დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ იარაღი მას საერთოდ არ უნახავს. მოგვიანებით პროკურატურამ გიორგი რურუას ბრალი დაუმძიმა.

პროკურატურის განცხადებით, ბრალს დაემატება ახალი მუხლი სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობისა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლის შესახებ. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ გიორგი რურუამ უარი განაცხადა სასამართლოს განჩინების მიხედვით დნმ-სა და ხელის კვლევების ნიმუშის აღების თაობაზე. მიმდინარე წლის 15 იანვარს კი გამომძიებელმა განაცხადა, რომ რურუასგან დნმ-ის ნიმუში ნებაყოფლობით აიღეს.