საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რაჭაში, სტიქიის ზონაში არავინ დაშავებულა. უწყების განცხადებით, ვერტმფრენებით 100-ზე მეტი მოქალაქე გამოიყვანეს, მათ შორის 21 არასრულწლოვანია.

უწყების ინფორმაციით, ქალაქ ონში მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი, 90-მდე მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ხილვადობის აღდგენისთანავე, ვერტმფრენები სტიქიის ზონაში მუშაობას განაახლებენ და მოქალაქეებს პირველადი მოხმარების საგნებსა და საკვებ პროდუქტებს მიაწვდიან.
რაჭაში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის ოპერატიული შტაბი შეიქმნა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე, ლევან ქვათაძე უხელმძღვანელებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, რაჭაში ჩავა პრემიერმინისტრი გიორგი გახარიაც.

პირველადი ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანებულია 10 ხიდი, 8 ადგილას ჩანგრეულია ცენტრალური გზის სავალი ნაწილი, ასევე, რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულებით და შიდა სასოფლო გზები. სტიქიის ზონაში მობილიზებულია 12 ერთეული ტექნიკა, ექსკავატორები, ბულდოზერები.

მათივე თქმით, ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის აღდგენილია დროებითი წყალმომარაგება, მაგისტრალური ქსელის დაზიანების შედეგად წყლის გარეშე დარჩენილ 400 აბონენტს სასმელი წყალი ცისტერნებით მიეწოდება.