შსს-მ იმ ვიდეოში მონაწილე პირები გამოკითხა, რომელშიც ახალგაზრდა კაცი სვანეთის ფონზე გადაღებული შიშველი ფოტოს გამო ბოდიშს იხდის.

სამინისტროს პრესსამსახურში On.ge-ს განუცხადეს, რომ ყველა გამოკითხეს და გამოძიება არ დაწყებულა, რადგან პირს, რომელიც ბოდიშს იხდის, არანაირი პრეტენზია არ გააჩნია.

"გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ადგილი არ ჰქონია. რუდოლფ ა.-მ აღნიშნა, რომ მის მიმართ მუქარა, ზეწოლა, ძალადობა ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ განხორციელებულა და მას პრეტენზია ირაკლი ნ.-ს მიმართ არ გააჩნია" - აცხადებენ შსს-ში.

უწყების თქმით, მათ ყველა დაკითხეს, ვინც ვიდეოში მონაწილეობდა.

აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა ყოფილი პარლამენტარი სოსო ჯაჭვლიანიც. მისი თქმით, ის სვანურ იუმორად აღიქვამს ფაქტს, რომ პირს, შიშველი ფოტოს გადაღების გამო ბოდიშის მოხდა მოუწია.