კომპანია Airbus გიგანტური თანამგზავრის აგებას გეგმავს, რომელიც მარსის ქვების პირველ ნიმუშებს დედამიწაზე დააბრუნებს. ამ ნიმუშებს კი მანამდე NASA-ს როვერი Perseverance შეაგროვებს, რომელიც 30 ივლისს გაეშვება. Airbus-ის მოვალეობაში მოგროვებული ნიმუშების აღება და დედამიწაზე წამოღება შედის.

ამერიკულ-ევროპული პროექტი მილიარდები დაჯდება და მის განხორციელებას დიდი ალბათობით ათწლეული დასჭირდება. თუმცა მეცნიერების თქმით, იმის გასაგებად, არსებობდა თუა რა ოდესმე მარსზე სიცოცხლე, ეს საუკეთესო გზაა.

"პროექტი ჩვეულებრივი მარსის მისიაზე ბევრად რთული წამოწყებაა. თანამგზავრი, რომელსაც Airbus ააგებს, პირველი პლანეტათაშორისი ტვირთის გადამტანი იქნება", — განაცხადა ევროპული კოსმოსური სააგენტოს მეცნიერმა დოქტორმა დევიდ პარკერმა.

Airbus-ის თანამგზავრი სხვა ხომალდებთან შედარებით გოლიათი იქნება. ERO 2026 წელს გაეშვება და იგი დაახლოებით 6,5 ტონა იქნება. იგი ძრავისთვის ქიმიურ და ელექტრულ ნარევს გამოიყენებს, წითელ პლანეტას შემოუვლის და დედამიწაზე ნიმუშებთან ერთად დაბრუნდება. ძლიერი იონური ძრავის ჩართვას ძალიან ბევრი ენერგია დასჭირდება, ამიტომ მზის პანელების გამოყენება აუცილებელი იქნება.

NASA პლანეტაზე რაკეტას უახლოეს წლებში გაუშვებს და ის როვერის მიერ შეგროვებულ ნიმუშებს ორბიტაზე განათავსებს. Airbus ხომალდი დაიჭერს კი ამ ნიმუშებს, რომლებიც ბურთის ზომის კონტეინერში იქნება მოთავსებული. მას შემდეგ, რაც იგი კონტეინერს მოიპოვებს, დედამიწისკენ წამოსასვლელად მოემზადება. იგი კონტეინერს კაფსულაში მოათავსებს, რომელიც დედამიწის ატმოსფეროში გამოიყოფა და ამერიკის უდანბნოში დაეშვება.

მაგრამ პირველ რიგში საჭიროა, რომ Perseverance-მა ნიმუშები შეაგროვოს. როვერი კანავერალის კონცხიდან 30 ივლისს, ადგილობრივი დროით 07:50-ზე გაეშვება. იგი კრატერ Jezero-ში ჩაეშვება. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამ ადგილას, შესაძლოა, როვერმა უძველესი სიცოცხლის ნიშნები იპოვოს.