საზოგადოების ნაწილი პეტიციით მოითხოვს, რომ გაუქმდეს საკარანტინო შეზღუდვები საქართველოს მოქალაქეებისათვის და აღდგეს რეგულარული ფრენები. ისინი დისკრიმინაციულად აფასებენ კონკრეტული ქვეყნებიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოშვებასა და საქართველოს მოქალაქეების კარანტინში გაშვებას.

Change.org-ზე განთავსებულ პეტიციას ამ ეტაპზე 436 ხელმომწერი ჰყავს. პეტიციის მოთხოვნებს შორისაა ვიზეარისა და რაინეარისთვის რეგულარული ფრენების განხორციელების ნებართვის მიცემა უსაფრთხოდ მიჩნეულ ქვეყნებში.

მთავრობის გადაწყვეტილებით, უსაფრთხოდ მიჩნეული 5 ქვეყნიდან ჩამოსული, ერთი ტრანსპორტით ნამგზავრი 2 ადამიანი სხვადასხვა დონის "საფრთხეა" ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისთვის. უფრო კონკრეტულად კი, სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეა "საფრთხე", რომელიც 2-კვირიან სავალდებულო კარანტინში ან იზოლაციაში უნდა იყოს, როდესაც იმავე თვითმფრინავით ჩამოფრენილი სხვა პირებისთვის ეს სავალდებულო არ არის.

სამთავრობო გუნდში განმარტავენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს უფრო მეტ ადამიანთან აქვთ კონტაქტი ქვეყანაში, ვიდრე ტურისტებს. მათი განმარტებით, ეს რეგულაცია საქართველოს მოქალაქეებისადმი დისკრიმინაციული არ არის, რადგან მწვანე ზონის 5 ქვეყნიდან არამარტო მოქალაქეები, არამედ რეზიდენტებიც ჩამოდიან.

მთავრობის ინფორმაციით, აგვისტოდან რეგულარულ ავიარეისებს შეასრულებენ Air France, airBaltic და Lupthansa.