პოპმომღერალი მადონას პოსტი ინსტამგრამმა კორონავირუსზე გავრცელებული შეთქმულების თეორიის გამო დააცენზურა. მუსიკოსს პლატფორმაზე 15 მილიონი გამომწერი ჰყავს.

პოსტში მადონა იზიარებდა გავრცელებულ დაუდასტურებელ ინფორმაციას, რომელის მიხედვითაც, ვირუსის ვაქცინა უკვე არსებობს, თუმცა მას მალავენ, რადგან მდიდრები კიდევ უფრო გამდიდრდნენ.

ინსტაგრამმა პოსტი დაბლარა და დაურთო წარწერა: "ყალბი ამბავი". ასევე მომხმარებლებს მოუწოდა, რომ არ ენდონ მის მიერ გავრცელებულ ცნობას ვაქცინის შესახებ.

მოგვიანებით, მადონას პროფილიდან ვიდეო წაიშალა, მაგრამ მანამდე, პოპ დივა გამომწერებმა კომენტარებში გააკრიტიკეს. მათ შორის იყო პოპვარსკვლავი ენი ლენოქსიც, რომელმაც დააკომენტარა:

"რა სიგიჟეა, არ მჯერა, რომ ასეთ სახიფათო ნარატივს უჭერ მხარს. იმედი მაქვს, რომ უბრალოდ შენი ანგარიში გატეხეს და ამისთვის ახსნას გამოძებნი".

ვიდეო აჩვენებდა ჯგუფს, რომლებიც თავს ამერიკის წინა ხაზზე მომუშავე ექიმებს უწოდებენ. მასში ექიმი სტელა იმანუელი ამბობდა, რომ წარმატებით უმკურნალა 350 კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს ჰიდროქსიქლოროქინით.

აღნიშნული ვიდეო მანამდე ფეისბუქმა და ტვიტერმა წაშალეს საკუთარი პლატფორმებიდან, დეზინფორმაციის გამო, იგივე კლიპის გაზიარების გამო კი დონალდ ტრამპის შვილს 12 საათით შეეზღუდა ტვიტერის გამოყენება.

ინსტაგრამის მიხედვით, დეზინფორმაციად მონიშვნის შემდეგ პოსტის აღმოჩენა რთულდება და ნაკლები ადამიანის სიახლეებში ჩნდება. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მადონა კორონავირუსზე საკამათო ინფორმაციას აზიარებს. მარტში მან გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც აბაზანაში მყოფი პოპდივა სასიკვდილო ვირუსს "უდიდეს გამათანაბრებელს" უწოდებდა, მოგვიანებით კი, ირწმუნებოდა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი ჰქონდა.