ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, იდენტიფიცირებულია 8 მონაკვეთი, სადაც მთლიანად ჩაწყვეტილია გზა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, რაჭაში სტიქიის შემდგომი ზარალის დათვლა მიმდინარეობს და სრული ინფორმაცია მალე იქნება ცნობილი.

"ჩვენ ახლა ვიმყოფებით ნაკიეთთან, 118-ე კილომეტრზე, სადაც 100-მეტრიანი მონაკვეთი სრულად განადგურებულია. აქ უკვე გაკეთდა შემოვლითი გზა და მოგვეცა საშუალება, გადმოვსულიყავით, რომ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გაგვეგრძელებინა. უკვე დაწყებულია სამუშაოებიც, რომ მოხდეს ნაპირებისა და წყლის სიტემის გამავალი მილების დაცვა. ასევე, გზაშია შესაბამისი მასალები და იწყება წყლის მიმწოდებელი მილის აღდგენა", განაცხადა ქარსელაძემ.

მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, ჩაწყვეტილი გზები კომუნიკაციას შეუძლებელს ხდის, ცდილობენ დაზიანებული მონაკვეთი მოკლე პერიოდში აღადგინონ.

რაჭაში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად, 12 სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია. დაზიანებულია 10 ხიდი და 2 000 ადამიანს ელექტროენეგრია არ მიეწოდება.

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, სტიქიის ზონაში შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები გაემგზავრნენ: პრემიერის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები ირაკლი ქარსელაძე და ილია ბეგიაშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი. მათთან ერთად იმყოფება პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე.